
ბოლო დღეების განმავლობაში თბილისში მოსული ნალექის გამო, გზები თოვლისგან ინტენსიურად იწმინდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ტექნიკური მარილი იყრება დედაქალაქის ქუჩებში და შემოერთებულ ტერიტორიებზე.
დედაქალაქის მერიაში აცხადებენ, რომ შპს „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები სპეცტექნიკის საშუალებით 24-საათიან რეჟიმში უწყვეტად მუშაობენ. თბილისი-პანტიანის გზის გაწმენდის სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი გიორგი პაპავა გაეცნო.
„დღე-ღამის განმავლობაში შეუჩერებლად მიმდინარეობს გზების ტექნიკური მარილით დამუშავება. გაწმენდის სამუშაოებსა და მონიტორინგში ჩართულია „თბილსერვის ჯგუფის“ შესაბამისი სამსახურები. ყველა სატრანსპორტო კვანძი, სადაც მუნიციპალური ტრანსპორტი მოძრაობს, გახსნილია“, – აღნიშნა გიორგი პაპავამ.
„მოსახლეობას მოვუწოდებთ, საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობის შეფერხების შემთხვევაში, მოგვმართონ „თბილსერვის ჯგუფის“ ცხელ ხაზზე – 2 61 90 50 ან თბილისის მერიის ცხელ ხაზზე – 2 72 22 22 და დაუყოვნებლივ მოხდება რეაგირება“,- აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.