საქართველო უკვე ტრადიციად ქცეულ ევროპის დღეებს მასპინძლობს. წელს პირველად შვედეთისა და ესპანეთის დღეები ორბელიანის მოედანზე აღინიშნება.
6 მაისს ესპანეთის დღის აღსანიშნავად გაიმართა კულინარიული მასტერკლასი, ესპანური ტრადიციული სამოსის გამოფენა, ანტონიო გადესის ანსამბლისა და სუხიშვილების დასის კონცერტი.
სტუმრებს ღონისძიების გახსნამდე სიტყვით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა რევაზ ჯაველიძემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თორთლაძემ, და ესპანეთის საქმეთა რწმუნებულმა მარკოს გრანადოსმა მიმართეს.
ღონისძიების დასაწყისში მისულ სტუმრებს სიტყვით მიმართა დედაქალაქის საკრებულოს თავმჯდომარემ, გიორგი ტყემალაძემ.
მან შეკრებილ საზოგადოებას მიულოცა ეს დღე და საქართველოსა და ესპანეთს შორის არსებულ ურთიერთობებზე გაამახვილა ყურადღება.
გიორგი ტყემალაძემ დააანონსა, რომ ამ ორ ქვეყანას შორის მეგობრული ურთიერთობების სიმბოლოდ თბილისში დიდი ესპანელი კლასიკოსის, მიგელ დე სერვანტესის, სახელობის, ქუჩა გაიხსნება.
„ევროპის დღეებს ჩვენი ქვეყანა წლებია მასპინძლობს, თუმცა წელს პირველად საქართველოს მთავრობის ორგანიზებით პერსონალურად შვედეთის და ესპანეთის დღეები იმართება. ეს ორი ქვეყანა შემთხვევით არ შერჩეულა. საქართველო და თბილისი შვედეთს, როგორც ევროკავშირის მოქმედ, ხოლო ესპანეთს, როგორც მომავალ თავმჯდომარე ქვეყანას, მასპინძლობს.
ესპანეთთან ჩვენს თანამშრომლობას – პოლიტიკურ, ეკონომიკურ თუ კულტურულ ურთიერთობას – ხანგრძლივი ტრადიცია აქვს. ნიშნად ჩვენი დიდი პატივისცემისა ამ ქვეყნის, ერისა და მისი დიდებული წარმომადგენლების მიმართ დედაქალაქის საკრებულო გამოდის ინიციატივით, თბილისის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს ესპანელი კლასიკოსის, მიგელ დე სერვანტესის სახელი. მჯერა, რომ ეს ფაქტი კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებსა და ხალხებს შორის კავშირების გაღრმავებასა და განმტკიცებას“, – აღნიშნა გიორგი ტყემალაძემ.