პარლამენტის მიერ ახლად დამტკიცებულ “თავდაცვის კოდექსში“ ცვლილებები ხორციელდება.
პარლამენტი დაჩქარებული წესით იხილავს “თავდაცვის კოდექსში“ ცვლილების პროექტს, რომლითაც კოდექსს დროებითი ნორმა ემატება და ის 2024 წლის 1-ელ იანვრამდე იმოქმედებს.
საუბარია წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანაზე, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობით, 2024 წლის 1-ელი იანვრიდან თავდაცვის სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი განახორციელებს.
კანონის პროექტის ერთ-ერთი ავტორის, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თენგიზ შარმანაშვილის განცხადებით, იმისათვის, რომ წვევამდელის სამხედრო აღრიცხვასთან მიმართებაში, მომავალი წლის 1-ელ იანვრამდე გაწვევის სისტემაში სიცარიელე არ შეიქმნას, საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა „თავდაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტი მოამზადეს, რომლის თანახმად, წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს მუნიციპალიტეტების მერიაში შექმნილი სტრუქტურული ერთეული და თბილისის რაიონების გამგეობების სტრუქტურული ერთეული განახორციელებს. მისივე განმარტებით, აღნიშნული ნორმა დროებითია და იგი 2024 წლის 1 იანვრამდე იქნება ძალაში.
პარლამენტმა კანონის პროექტი პირველი მოსმენით – 74 ხმით მიიღო.