ჩვენი პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებებს ვიზიარებ, მე გამოვყოფ თავდაცვის ძალებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მათ გმირობას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ იმ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში იმ დროს ნამდვილად ვერ შეძლო აეცილებინა ეს ძალიან საზარელი ომი, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ჩიქოვანმა პარლამენტის რამდენიმე კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები, მათ შორის ევროპის საბჭოში ერთ-ერთი რეზოლუციისთვის ხმის მიცემა, სამარცხვინოა.
„მგონი, არასწორია, როდესაც ადამიანი ამბობს, თქვენი ამოცანა და მოტივაცია არ არის საქართველოს უსაფრთხოებაზე ზრუნვაო, მეორე მხრივ, ასევე მახსოვს, ერთ-ერთი სასესიო დღე იყო, როდესაც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიის ლიდერებმა მოგვმართეს და ხელი გამოიშვირეს ჩვენკენ, უმრავლესობისკენ და გვითხრეს, რომ თქვენ იქნებით ის ადამიანები, ვინც შემოუძღვებით რუსულ ჯარს საქართველოში. ამ დონის შეურაცხყოფა ჩემთვის მიუღებელია და ამის მერე ალბათ არანაირი მოტივაცია და საფუძველი არ უნდა არსებობდეს ამ ადამიანის მიერ დასმულ კითხვებზე პასუხების გასაცემად, მაგრამ ჩვენ ვესაუბრებით საზოგადოებას და ვაძლევთ სრულ განმარტებებს ყველა საკითხზე. ჩვენი პარტიის ყრილობაზე გაკეთებულ განცხადებებს ვიზიარებ, მე გამოვყოფ თავდაცვის ძალებს, რომელთაც ყველაფერი გააკეთეს, რაც შეეძლოთ, მათ გმირობას საზღვარი არ ჰქონდა, მაგრამ იმ პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ, რომელიც იყო ხელისუფლებაში იმ დროს ნამდვილად ვერ შეძლო აეცილებინა ეს ძალიან საზარელი ომი. არა მხოლოდ სამარცხვინო, არამედ სახელმწიფოს წინააღმდეგ საზიანო იყო ის პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებმა და არა მხოლოდ მათ, ევროპის საბჭოში ხმა მისცეს რეზოლუციას, რომელიც მე ვთვლი, რომ ნებისმიერი პოლიტიკური ძალისთვის უნდა იყოს სამარცხვინო, როდესაც ასეთ რამეს დაუჭერს მხარს“, – განაცხადა ჩიქოვანი.