“თანამგზავრული ფოტოები მოწმობენ, რომ უკრაინის ჯარების რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ ადგილობრივი ლანდშაფტი შეიცვალა. დარჩება თუ უკან დაიხევს უკრაინის ჯარი?”-The Independent

77
spot_img

ბრიტანულ გაზეთ “ინდეფენდენთში” (The Independent) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „თანამგზავრული ფოტოები მოწმობენ, რომ უკრაინის ჯარების რუსეთის კურსკის ოლქში შეჭრის შემდეგ ადგილობრივი ლანდშაფტი შეიცვალა. დარჩება თუ უკან დაიხევს უკრაინის ჯარი?“ (ავტორი – სამია კულაბი).

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

უკრაინის ჯარების შეჭრა მოსაზღვრე რუსეთის კურსკის ოლქის სამხრეთში კიევის მიერ განხორციელებულ სარისკო ოპერაციას წარმოადგენს – სამხედრო სარდლობამ თავისი შეზღუდული რესურსები ისე გაგზავნა სახიფათო ოპერაციაზე, რომ წარმატებაში დარწმუნებული არ იყო. თავდაპირველად კიევი დუმილს ინარჩუნებდა, თუმცა რამდენიმე დღის შემდეგ, როცა პროგრესის პირველი ნიშნები გამოჩნდა, პრეზიდენტმა დუმილი დაარღვია და ომით დაღლილი ქვეყნის მოსახლეობას სასიხარულო ამბები აცნობა – ჩვენ რუსეთის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპირება განვახორციელეთ, ტყვედ ბევრი რუსი ჩავიგდეთ და მათ ჩვენს ჯარისკაცებზე გადავცვლითო.

უკვე ერთ კვირაზე მეტი გავიდა გაბედული ოპერაციის დაწყების შემდეგ, მაგრამ მისი მთავარი მიზანი ჯერ კიდევ გაურკვეველია: ერთი მხრივ, კიევი აცხადებს, რომ ჩვენს მიზანს სხვისი ტერიტორიის მიტაცება არ წარმოადგენსო, მეორე მხრივ კი, უკრაინის არმიის საინჟინრო ქვედანაყოფები გრძელვადიანი თავდაცვისათვის ემზადებიან და გამაგრებულ ზღუდეებს აშენებენ – კოსმოსიდან თანამგზავრის მიერ გადაღებულ ფოტოსურათებზე ჩანს, რომ ისინი თხრიან ტრანშეებს, აგებენ საცეცხლე წერტილებს, ნაღმავენ ადგილებს და ა.შ. იბადება კითხვა: შეინარჩუნებს თუ არა უკრაინა ოკუპირებულ ტერიტორიას, თუ ოკუპანტი უფრო წინ წაიწევს, ან უკან დაიხევს, საკუთარ ტერიტორიაზე?
აშკარაა მხოლოდ ის, რომ უკრაინის არმიის შეჭრამ ბრძოლის ველზე სიტუაცია შეცვალა. ჭექა-ქუხილის მსგავსმა დარტყმამ ძლიერი მტრის ჯავშანზე დიდი ბზარი გააჩინა, თუმცა კურსკის ოლქში განხორციელებულმა რეიდმა (ანუ რეზერვების გამოყენებამ) შეიძლება თვითონ უკრაინის არმია დააზარალოს – დონბასში, აღმოსავლეთის ფრონტზე, სადაც რუსეთის არმია უტევს და ნაბიჯ-ნაბიჯ უახლოვდება ქალაქ პოკროვსკს – უკრაინის მძიმე მრეწველობის ერთ-ერთ ცენტრს, კოქსური ქვანახშირის საბადოებს. პოკროვსკი უკრაინის არმიისათვის ერთ-ერთ უმნისვნელოვანეს ლოჯისტიკურ ცენტრსაც წარმოადგენს. იყო ვარაუდი, რომ რუსეთის სარდლობა დონბასის ფრონტზე სამხედრო ნაწილებს მასობრივად მოხსნიდა და კურსკის ოლქში გადაისროდა, მაგრამ ვარაუდები არ გამართლდა. ამრიგად, დონბასის ფრონტზე უკრაინისთვის რაიმე მნიშვნელოვანი სასარგებლო ცვლილება არ მომხდარა.

პოლიტიკური თვალსაზრისით, უკრაინის შეჭრამ რუსეთის ტერიტორიაზე შეცვალა საომარი სიტუაცია და კონფლიქტის პირობები, რომელთ მიხედვით, თუ სამშვიდობო მოლაპარაკება გაიმართებოდა, უკრაინა განწირული იყო, რომ წამგებიან შეთანხმებაზე ხელი მოეწერა. ახლა კი მდგომარეობა კარდინალურად არის განსხვავებული: უკრაინა წარმატებით სარგებლობს დასავლური სამხედრო ტექნიკით – ტანკებით, ჯავშანმანქანებით, სარაკეტო დანადგარებით – რუსეთის ტერიტორიაზე, რაც ადრე აკრძალული ჰქონდა. მართალია, კიევი თვითნებურად მოიქცა, მაგრამ ტაბუ უკვე დარღვეულია.

„შეჭრამ აჩვენა, რომ დასავლეთის შიშები – ვაითუ „წითელი ხაზების“ გადაკვეთის გამო რუსეთმა ბირთვული იარაღი გამოიყენებს და ომის რადიკალური ესკალაცია მოხდებაო, მხოლოდ მითები და ზღაპრები გამოდგა.

ფაქტია, რომ ბრძოლებში გამოწრთობილი უკრაინის არმია მრისხანე ძალას წარმოადგენს“, – ამბობს ტარას კუზიო, უკრაინის „კიევ-მოგილას აკადემიის“ უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორი.

პრეზიდენტის მრჩეველი მიხეილ პოდოლიაკი ვარაუდობს, რომ რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრა ამტკიცებს კიევის პოზიციებს მოსკოვთან სამომავლო მოლაპარაკების წინ, ანუ უკრაინას კრემლზე გავლენის მოხდენისათვის ხელთ გარკვეული ბერკეტები უკვე აქვს.

საერთოდ, უნდა ითქვას, რომ კურსკის ოლქის სამხრეთი ნაწილის ტერიტორია, ეკონომიკური თვალსაზრისით, მაინცდამაინც დიდ სტრატეგიულ ფასეულობას არ წარმოადგენს: უკრაინის არმიის მიერ ოკუპირებულ რუსეთის ტერიტორიაზე ერთადერთი, რასაც მეტ-ნაკლები მნიშვნელობა აქვს, ეს არის მაგისტრალური გაზსადენის „ურენგოი-პომარი-უჟგოროდის“ ინფრასტრუქტურა, მაგრამ მისით სარგებლობა მეორეხარისხოვან კოზირს წარმოადგენს.

უკრაინამ ასევე გადაჭრა სარკინიგზო ხაზი, რომელიც კურსკის ოლქის ქალაქ ლგოვს მეზობელ ბელგოროდთან აკავშირებს. ოკუპირებულ ფართობზე არ არის რუსეთის არმიის მსხვილი სამხედრო ბაზებიც.

მართალია, უკრაინა აცხადებს, რომ მას არ აქვს კურსკის ოლქის მიერთების განზრახვა, მაგრამ ის შეეცდება შექმნას ბუფერული ზონა მოსაზღვრე სუმის ოლქის მოსახლეობის დასაცავად, რადგანაც საზღვართან ახლოს განლაგებული რუსული ქვემეხებით და რაკეტებით სუმის ოლქის სოფლები იბომბებოდა.

ერთ-ერთი უკრაინელი ოფიცრის თქმით, კურსკის ოპერაციამ აჩვენა, რომ რუსებს საკუთარი ტერიტორიის დაცვის თავიც კი არ აქვთ. „ჩვენ აღფრთოვანებულები ვართ, რომ რუსებს საკუთარ ტერიტორიაზე უკან დავახევინეთ და უამრავი ტყვედ ჩავიგდეთ. ბევრ ჩვენგანს სურს, რომ აქედან პირდაპირ კურსკი დავლაშქროთ და ავიღოთ, შემდეგ კი მოსკოვში შევიდეთ, პირდაპირ კრემლში“, – ამბობს უკრაინელი სამხედრო ჩინოსანი.
უკრაინელი სამხედრო ექსპერტის კონსტანტინე მაშოვეცის თქმით, კურსკის ოლქში განხორციელებული სამხედრო რეიდის მთავარ მიზანს წარმოადგენს დარტყმების მიყენება რუსეთის იმ დაჯგუფებისათვის, რომელიც ხარკოვის ფრონტს ამარაგებს, ვოლჩანსკის რაიონში.

„ამასთან, რუსეთი, როგორც ჩანს, დონბასის ფრონტზე შეტევას არ ანელებს და მაინც წინ მიიწევს. კრემლი დონბასში უხვად იყენებს ცოცხალ ძალას და სამხედრო ტექნიკას“, – ამბობს კონსტანტინე მაშოვეცი, რომლის სიტყვები ბოლოდროინდელი ფაქტებითაც დასტურდება: 15 აგვისტოს ქალაქ პოკროვსკის უკრაინული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი დობრიაკმა მოსახლეობას განუცხადა – რუსეთის არმია აქედან უკვე 13 კილომეტრშია და დროა ევაკუაციისათვის მოემზადოთ, მალე მდგომარეობა უფრო გაუარესდებაო.

მოამზადა სიმონ კილაძემ

წყარო: