ოფიციალურად დაბარებული ვარ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. დაბარება არის დიპლომატიური სანქციის ფორმა, რაც ძალიან უჩვეულოა მეგობარ ქვეყნებს შორის, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
ფიშერის თქმით, „თანამედროვე საქართველოს ისტორიაში პირველად ხდება, როდესაც გერმანიის ელჩი არის დაბარებული“.
„შევალ და მოვისმენ, რის თქმას აპირებენ ჩემთვის. ასევე, მტკიცედ უარვყოფ უსაფუძვლო ბრალდებებს, რომელიც გაკეთდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მისამართით, ჩემ და სხვა ელჩების წინააღმდეგ. საყვედურს გამოვთქვამ საქართველოს ამჟამინდელი კურსის მიმართ, რომელიც წინააღმდეგობაშია ევროკავშირის წევრობასთან“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა.