Facebook ჯგუფის “ვეძებ”-ის დამფუძნებელი, ჟურნალისტი თამუნა მუსერიძე BBC-ის 2023 წლის 100 ყველაზე გავლენიანი ქალის სიაში მოხვდა.
BBC წერს, რომ მუსერიძემ საკუთარი ბიოლოგიური მშობლების ძებნის დროს აღმოაჩინა, რომ 1950-იანი წლებიდან საქართველოში ჩვილებით ვაჭრობის მსხვილი შავი ბაზარი არსებობდა, რის შედეგადაც ათასობით ჩვილის მშობლების მოტყუებითა და არალეგალური გზებით გაშვილება მოხდა.
იმისთვის, რათა ადამიანებს დაკარგული ნათესავები მოეძებნათ, მუსერიძემ Facebook-ზე შექმნა ჯგუფი, სახელად “ვეძებ”, რომელშიც 230 000-ზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული.
“მუსერიძეს ორგანიზაცია ასობით ოჯახს დაეხმარეა გაერთიანებაში, მაგრამ ის კვლავ ეძებს საკუთარ ოჯახს”. – წერს BBC.
BBC-ის მიერ გავლენიანი ქალების სიაში შეყვანას მუსერიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
“წელს პირველად BBC საქართველოში განვითარებული მოვლენებით დაინტერესდა.!!!წელს პირველად, ქართველი ქალი მოხვდა მსოფლიო ინფლუენსერი ქალების ასეულში!!!წელს,მიშელ ობამასთან ერთად ამ ასეულში მე აღმოვჩნდი!!! ჯერ ვცახცახებ და შეიძლება კარგად ვერ ვერ ვალაგებ ტექსტს. მაგრამ მთავარი ის არის, რომ ეს ყველაფერი ამად ღირდა. სიმართლის არგაგება და სიმართლისთვის ბრძოლა ამად ღირდა! არასდროს თქვათ თქვენ მიზნებზე უარი, არასდროს დაიხიოთ უკან.არასდროს ჩაიქნიოთ ხელი და გახსოვდეთ. ცუდს აუცილებლად! აუცილებლად მოსდევს კარგი!”. – წერს მუსერიძე.