ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის საკითხი ის საკვანძო თემაა, რომელმაც აგენტურა გავეშებული გამოდევნა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან -ბიძინა ივანიშვილი

24
spot_img

როდესაც ქალაქ გორში, ჩემს გამოსვლაში შერიგებისა და ურთიერთპატიების მნიშვნელობაზე ვისაუბრე, კოლექტიურმა ნაცმოძრაობამ შერიგებას ღალატი, ხოლო შენდობას მტრობა დაარქვა. ამით კიდევ ერთხელ აჩვენეს ქართველ ხალხს, რომ გარდა ომისა და ნგრევისა, გარდა ეთნიკური შუღლის გაღვივებისა, მათთვის სხვა გზა და მიზანი არ არსებობს, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა რუსთავში, მმართველი პარტიის საარჩევნო კამპანიის რეგიონულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.

ბიძინა ივანიშვილის თქმით, „ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის“.

„ჩვენი ქვეყნის მტრებს ყველაზე მეტად სწორედ მათი სიტყვა და ქმედება ააშკარავებს. უკვე ორ თვეზე მეტია გადაჭრით ვამბობთ, რომ 2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, სწორედ ნაციონალებმა დაიწყეს, თუმცა, არცერთ მათგანს მცდელობაც კი არ ჰქონია, თავი ემართლებინა. გასაგებია, რომ ნაცმოძრაობის მიერ ომის გაჩაღების მტკიცებულებები ხელის გულზე დევს, გასაგებია, რომ ცნობილ რეზოლუციაზე ხმის მიცემით, შემდეგ კი ტალიავინის დასკვნაზე დათანხმებით, მათ საომარი მოქმედებების დაწყება ისედაც აღიარებული აქვთ, მაგრამ, ალბათ, მსგავს თვითლუსტრაციას მაინც არავინ ელოდა. ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის, შერიგებისა და ურთიერთშენდობის საკითხი სწორედ ის საკვანძო თემაა, რომელმაც მთელი აგენტურა გავეშებული გამოდევნა უცხო ქვეყნებიდან დაფინანსებული ბუნაგებიდან. მათი რეაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ დავალებული ჰქონდათ და აქვთ ერთადერთი რამ – საქართველო იყოს მუდმივი კონფლიქტისა და დაპირისპირების რეჟიმში. სწორედ ამიტომ, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისათვის მზადება, პირველ რიგში, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე გადის. „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების პირობებში, რადიკალურ ოპოზიციას ყველანაირი რესურსი გამოეცლება, საქართველოს გამთლიანებას ხელოვნური ბარიერი შეუქმნას და ქვეყანა მუდმივ კონფრონტაციაში ამყოფოს“, – აღნიშნა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილმა ყურადღება გაამახვილა „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების მნიშვნელობაზე და აღნიშნა, რომ  ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ჩვენი ხალხისთვის ფსევდო ლიბერალური იდეოლოგიის თავს მოხვევის, ჩვენი ღირებულებების, კულტურისა და ისტორიის შეურაცხყოფისა და დაკნინების ყველა ძალადობრივი მცდელობა.

„რაც შეეხება სხვა საკითხებს, რომელთა გადასაჭრელადაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება გვჭირდება. „ქართული ოცნების“ მიერ საკონსტიტუციო უმრავლესობის მიღების შემდეგ, ერთხელ და სამუდამოდ დავასრულებთ ჩვენი ხალხისთვის ფსევდო ლიბერალური იდეოლოგიის თავს მოხვევის, ჩვენი ღირებულებების, კულტურისა და ისტორიის შეურაცხყოფისა და დაკნინების ყველა ძალადობრივ მცდელობას! გარდა ამისა, საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვების შემდეგ, გადავდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს მართლმადიდებელი ეკლესიის, როგორც სახელმწიფოს თვითმყოფადობის საყრდენის, კონსტიტუციური სტატუსის განსამტკიცებლად. მაგრამ ნურავინ იფიქრებს, რომ ამით საქართველოში მოქმედ რომელიმე რელიგიას იოტისოდენა ჩრდილი მაინც მიადგება! მეტიც, გავაძლიერებთ ძალისხმევას, რათა კიდევ უფრო გავუფრთხილდეთ ჩვენი განსხვავებული რელიგიის მქონე, მაგრამ სამშობლოს სიყვარულით გაერთიანებული ხალხების თანაცხოვრებას. სწორედ ჩვენი მრავალფეროვნებითა და ტოლერანტობით ვართ ის ხალხი და ქვეყანა, რასაც წარმოვადგენთ, რითაც მთელი მსოფლიო გვიცნობს. ტოლერანტობის ეს საამაყო, უნიკალური, მრავალსაუკუნოვანი ტრადიცია კვლავაც გაგრძელდება – ჩვენს სამშობლოში სხვადასხვა ეთნიკური და რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები ისევ ჰარმონიულად განაგრძობენ თანაცხოვრებას და საქართველოს, ჩვენი და ჩვენი შვილების უკეთეს ხვალინდელ დღეზე ზრუნვას! 26 ოქტომბერს ბოროტებაზე გაიმარჯვებს სიკეთე, აგენტურაზე გაიმარჯვებს საქართველოს დამოუკიდებლობა, ფსევდოლიბერალურ პროპაგანდაზე გაიმარჯვებს ტრადიციული ფასეულობები. 26 ოქტომბერს ომზე გაიმარჯვებს მშვიდობა. ღმერთი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.