,,ტერიტორიის დაბრუნება არასწორი გზაა უკრაინისათვის საუკეთესო შედეგის წარმოსადგენად”- The New York Times

46
spot_img

ტერიტორიის დაბრუნება არასწორი გზაა უკრაინისათვის საუკეთესო შედეგის წარმოსადგენად – უკრაინის ნამდვილი გამარჯვება ომის ჯოჯოხეთიდან ამოსვლაა, როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი, აყვავებული და უსაფრთხო სახელმწიფო, – წერს სერჟ შმემანი, გაზეთ The New York Times-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი სტატიაში სათაურით უკრაინას არ სჭირდება მთელი თავისი ტერიტორია პუტინის დასამარცხებლად.

“გაზეთ The New York Times-ის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსეთი ჩუმად მიუთითებს მზადყოფნაზე უკრაინაში ომის გაყინვისთვის, საეჭვო და მაპროვოცირებელიც არის. ბევრი გამაფრთხილებელი მომენტია: ზავი ვლადიმირ პუტინის კონტროლის ქვეშ უკრაინის ტერიტორიის დაახლოებით 1/5-ს მოაქცევს. პუტინი არ არის სანდო. მას შეუძლია გამოიყენოს ხანგრძლივი მოლაპარაკებები თავისი ძალების გასაძლიერებლად განახლებული შეტევისთვის, ან დასავლელი კანონმდებლების დასამშვიდებლად უკრაინისთვის დახმარების შემცირების მიზნით. მაგრამ თუ აღმოჩნდება, რომ პუტინი სერიოზულად ეკიდება ამ საკითხს, უკრაინამ არ უნდა გაუშვას შესაძლებლობა, დაასრულოს სისხლისღვრა. დაბრუნებული ტერიტორია ამ ომში გამარჯვების ერთადერთი საზომი არ არის”, – წერს სტატიის ავტორი.

სტატიაში ხაზგასმით აღნიშნულია, რომ ფრონტი ფიტავს უკრაინის რესურსებსა და ადამიანურ რესურსს, უახლოეს მომავალში ცვლილებების დიდი პერსპექტივის გარეშე.

“მაგრამ ტერიტორიის დაბრუნება არასწორი გზაა [უკრაინისათვის] საუკეთესო შედეგის წარმოსადგენად. უკრაინის ნამდვილი გამარჯვება ომის ჯოჯოხეთიდან ამოსვლაა, როგორც ძლიერი, დამოუკიდებელი, აყვავებული და უსაფრთხო სახელმწიფო, რომელიც მტკიცედ არის ინტეგრირებული დასავლეთში. ეს იქნებოდა ზუსტად ის, რისიც პუტინს ყველაზე მეტად ეშინია”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი წერს, რომ გასაგები მიზეზების გამო, ზავის შესახებ ნებისმიერი საუბარი რთულია ვოლოდიმირ ზელენსკისთვის.

“მისთვის ძალზე მტკივნეული და პოლიტიკურად ძალიან რთული იქნება ბრძოლის შეწყვეტა რუსეთის დასჯის გარეშე და ამდენი უკრაინული მიწის რუსეთის კონტროლის ქვეშ დატოვება. […] მაგრამ ზავის საკითხის შესწავლა არ ნიშნავს განზე გასვლას. პირიქით, ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, მაშინაც კი, როდესაც მოლაპარაკებები დაიწყება, რუსეთზე სამხედრო და ეკონომიკური ზეწოლის შესანარჩუნებლად. […] ბრძოლის შეწყვეტა არ არის პუტინისთვის გამარჯვების მინიჭება. უკრაინა და მსოფლიოს დიდი ნაწილი არ მიიღებს რუსეთის მიერ უკრაინის რომელიმე ტერიტორიის ანექსიას”, – ნათქვამია სტატიაში.

სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ “გასაგებია, რომ ჩიხში შესულ სამხედრო ოპერაციაში გაუთავებელი რესურსების ჩადების პერსპექტივა წინააღმდეგობას გამოიწვევს. სკეპტიკოსებს გაუჭირდებათ დამატებითი დახმარების ეჭვქვეშ დაყენება, თუ იქნება ბრძოლის შეწყვეტის პერსპექტივა და უკრაინის აღდგენაზე გადასვლა”.