ჭიათურის მუნიციპალიტეტში მართლწესრიგის დაცვის მიზნით მობილიზებულნი იქნებიან შსს-ს თანამშრომლები, მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი -შსს

6
spot_img

ჭიათურის მუნიციპალიტეტში მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, – ამის შესახებ შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი.

უწყება მოუწოდებს პროტესტის მონაწილეებს, არ დაარღვიონ კანონი.

„მიმდინარე წლის 30 აპრილს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კოროხნალის, შუქრუთის, ითხვისისა და დარკვეთის მაღაროებში არსებული მდგომარეობის შესწავლის მიზნით „ჯორჯიან მანგანეზის“ შვილობილი კომპანიის, შპს „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანის“ წარმომადგენლები, შესაბამისი მიმართულების სპეციალისტებთან ერთად, მონიტორინგს განახორციელებენ.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ბოლო დროს ჭიათურის მუნიციპალიტეტში მაღაროებში დასაქმებულ თანამშრომელთა ნაწილი გამოხატავს პროტესტს. აქედან გამომდინარე, ადგილზე მართლწესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მობილიზებულნი იქნებიან შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები.

მოვუწოდებთ პროტესტის გამომხატველებს, არ დაარღვიონ კანონი. კანონდარღვევის თითოეულ ფაქტს პოლიციის მხრიდან შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.