„ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ – საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები კომპანიის წარმომადგენლებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

8
spot_img

ჭიათურაში წარმოების განახლების მიზნით სპეციალურმა ჯგუფებმა დილიდან დაიწყო დახურულ მაღაროებში შესვლა და არსებული ვითარების შეფასება. პერევისას მაღაროს დათვალიერების დროს, ადგილზე მივიდნენ საინიციატივო ჯგუფისა და შუქრუთის მაღაროს პიკეტირების ორგანიზატორები და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ კომპანიის წარმომადგენლებს. ინფორმაციას ამის შესახებ „ჭიათურა მენეჯმენტ კომპანი“ ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პერევისას მაღაროდან წამოსულ სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელის, თენგიზ კობერიძის ავტომობილს გზა გადაუკეტა 30-კაციანმა ჯგუფმა, მათ შორის განსაკუთრებულად აქტიურობდნენ: გიორგი ნეფარიძე, მერაბ სარალიძე, არჩილ ჭუმბურიძე და თენგიზ გველესიანი. კობერიძე ავტომობილიდან იძულებით გადმოიყვანეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ქვებით გაუსწორდნენ, მათ შორის დაზიანებები მიაყენეს სახის არეში, შემდეგ კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

„რაც შეეხება დაშავებულის ჯანმრთელობის მდგომარეობას, თენგიზ კობერიძეს ჩაუტარდა პირველადი სამედიცინო დახმარება. ექიმების ინფორმაციით, დაზარალებულს დაუდგინდა ყბა – სახის მოტეხილობა. დაშავებული გადაუდებელ ოპერაციას საჭიროებს. მაღაროს მიმდებარე ტერიტორია, სადაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს ინციდენტი მოხდა სამართალდამცველებმა შეისწავლეს. უკვე გამოკითხულია მძიმედ დაშავებული კომპანიის თანამშრომელი და მასთან მყოფი კიდევ ორი თანმხლები პირი. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ჭიათურაში დღეს მომხდარი ფიზიკური ანგარიშსწორება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ რადიკალურ ჯგუფს სხვა მიზანი ამოძრავებს და მათ ინტერესში საერთოდ არ შედის წარმოების განახლება. დღევანდელმა პროცესმა დაადასტურა, ისიც რომ აქციების ორგანიზატორებს სამმხრივი კომისიის ფარგლებში მიღწეული შეთანხმების ჩაშლა სურთ, რასაც ადასტურებს მათი ყოველდღიური მუქარა და შანტაჟი, როგორც კომპანიის მენეჯმენტის, ასევე რიგითი თანამშრომლების მიმართ“, – ნათქვამია განცხადებაში.