“სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მანქანებს ავკრძალავდით?” – სანდრო რაქვიაშვილი უმრავლესობას

349
spot_img

სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით? – თუ ტერორისტს ვერ იჭერთ და კარვებს კრძალავთ, ვისი პრობლემაა – სუს-ის, თქვენი, თუ საზოგადოების? – ასე მიმართა „გირჩის“ დეპუტატმა, სანდრო რაქვიაშვილმა უმრავლესობის წევრებს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში დაგეგმილი ცვლილებების პირველი მოსმენით განხილვა მიმდინარეობს.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა კოლეგებს მიმართა, რომ „ამ კომიკურ სიტუაციას გაუგებრობა დავარქვათ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობა გადავაყენოთ და ისეთი ხალხი ავირჩიოთ, ვინც მართლა საქმეს მიხედავს“.

„სუს-მა თქვა, რომ რევოლუცია ხდებაო და თან, კარვებში ბომბს ჩადებენ და კარავს ააფეთქებენო. [იმის ნაცვლად, რომ] ამ განცხადების გამო, სუს-ი დაიცინოს, უმრავლესობაში გაჩნდეს ეჭვი, რომ თქვენ ხალხო რას აკეთებთ, წადით საქმეს მიხედეთ, ჯაშუშები დაიჭირეთ და რაღაც, კანონს ვცვლით, დაჩქარებული წესით კარვებს ვკრძალავთ. სუს-ს რომ ეთქვა, ბომბი მანქანაში უნდა ჩადონო, მაშინ მანქანებს ავკრძალავდით? ეს კარვები ხომ სისულელეა ზოგადად, მაგრამ სუფთა სამართლიანობის თვალსაზრისით, ვისი რა საქმეა დავდგამ კარავს თუ არა? მითუმეტეს თუ სუს-ი ამბობს, რომ ტერორისტული აქტი მზადდება, დაიჭირეთ ის ტერორისტი. თუ ტერორისტს ვერ იჭერთ და კარვებს კრძალავთ, ეს ვისი პრობლემაა – სუს-ის, თქვენი, თუ საზოგადოების? მოდით, საზოგადოების პრობლემა არ შევქმნათ. ეს კომიკური სიტუაცია უბრალოდ კომიკურ სიტუაციად დავტოვოთ, გაუგებრობა დავარქვათ, სუს-ის ხელმძღვანელობა გადავაყენოთ და ისეთი ხალხი ავირჩიოთ, ვინც მართლა საქმეს მიხედავს და ამ რაღაცებით არ ვიქნებით დაკავებული,“ – განაცხადა რაქვიაშვილმა.