„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, დღევანდელი განცხადებით სუს-მა დაადასტურა, რომ არა მხოლოდ პროკურატურა და ფინანსური პოლიცია, არამედ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც ფარცხალაძის მიერ კონტროლდება.
„საზოგადოება ელოდება რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენას, აშშ-ის მიერ სანქცირებულია ფარცხალაძე რუსული ჯაშუშური სქემის გატარებისთვის. ამ ფონზე ავრცელებს ამ სისულელეს და აბსურდს, რისი ერთადერთი მიზანია, ვისაუბროთ ყველაფერზე, გარდა იმისა, რომ საქართველოში მოქმედებს რუსული ჯაშუშური ქსელი. ეს ყველაფერი ხდება იქიდან გამომდინარე, რომ სწორედ ფარცხალაძის და რუსეთის დაკვეთას ასრულებს დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური. ამ ადამიანებს სურთ, წარმოგვიდგინონ, რომ გია ლორთქიფანიძე, რომელიც უკრაინელების მხარდამხარ რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის, ყოფილა საქართველოს მტერი და ფარცხალაძე ყოფილა საქართველოს მეგობარი.
დღეს, როცა ყველა სამუშაო უნდა იყოს რუსული ჯაშუშური ქსელის გამოვლენაზე, ფარცხალაძესთან დაკავშირებული ყველა პირის თანამდებობიდან ჩამოშორებაზე, ევროკავშირის რეკომენდაციების შესრულებაზე, რომ საქართველო სრულუფლებიანი წევრი გახდეს, ამ დროს ისევ და ისევ საქართველოს სახელმწიფო ინტერესებს ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან, ქართველ ხალხს გვებრძვიან, აბსურდს იგონებენ, ზღაპრებს თხზავენ, რათა საქართველო თავიდან ბოლომდე დაუქვემდებარონ რუსეთს. „ქოცები“ არიან რუსები, ეს არის ამ განცხადების შინაარსი. ამ განცხადების შინაარსია ის, რომ ფარცხალაძე არის არა ერთადერთი, არამედ ერთ-ერთი იმ რუსულ ჯაშუშურ სქემაში, რომელიც მოქმედებს „ქართული ონების“ ხელდასხმით აქ. სწორედ სუს-ში არის ძალიან მძიმედ ფილტრირებული რუსული ჯაშუშური ქსელი, რომელიც ფარცხალაძესთან არის კავშირში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ პირთა ჯგუფი საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციას, სამოქალაქო არეულობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლა“. საქართველოში დესტაბილიზაციის გეგმის ორგანიზატორებად სუს-ი გიორგი ლორთქიფანიძეს, მიხეილ ბატურინსა და მამუკა მამულაშვილს ასახელებს.