“სუს-ის ხელმძღვანელისთვის საინტერესო არ არის, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო რუსეთის ჯაშუში” – გიორგი ბოტკოველი

133
spot_img

სუს-ის ხელმძღვანელისთვის საინტერესო არ არის, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო რუსეთის ჯაშუში – ფარცხალაძის თემის „გაპრავებას“ ემსახურებიან, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა გიორგი ბოტკოველმა განაცხადა, რითაც ყოფილ მთავარ პროკურორზე ოთარ ფარცხალაძეზე, სუს-ის ხელმძღვანელის გრიგოლ ლილუაშვილის განცხადებებს გამოეხმაურა.

ბოტკოველის თქმით, არ აქვს მოლოდინი, რომ გამოძიება შედეგზე გავა, რადგან სუს-ი არა გამოძიებით, არამედ „გაპრავებით“ არის დაკავებული.

„მთავარი რამ, თქვა ფარცხალაძეზე არის ეს – „კარგით რა მოვრჩეთ ახლა, ეგ თემა აღარ არის საინტერესო“. სუს-ის ხელმძღვანელისთვის საინტერესო არ არის, რომ ქვეყნის მთავარი პროკურორი იყო რუსეთის ჯაშუში, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან აღიარებული ჯაშუში. შემდეგ საუბრობდა იმაზე, რომ თურმე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტთან და მათ უწყებებთან პარტნიორობს. ეს ერთმანეთთან შეუსაბამოა. სუს-იც და ძალოვანი სტრუქტურებიც ემსახურებიან ფარცხალაძის თემის „გაპრავებას“. მტკიცებულებების მოპოვება არის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურის საკითხი, მაგრამ ორივე უწყება თავიდან ბოლომდე ფარცხალაძეზეა დამოკიდებული და როგორ შეიძლება მათ რაიმე გამოძიების შედეგი დააყენონ“,- განაცხადა ბოტკოველმა.

ინფორმაციისთვის, სუს-ის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა გუშინ, მედიასთან განაცხადა, რომ ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით მტკიცებულებები ვერ მიიღეს. ლილუაშვილის თქმით, სუს-ში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 319-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს უცხო ქვეყნის ორგანიზაციების ან დაქვემდებარებული ორგანიზაციების დახმარებას მტრულ საქმიანობაში, რაც ითვალისწინებს სასჯელს 7-დან 15 წლამდე.

ლილუაშვილის განცხადებით, თუ მტკიცებულებები არ იქნება, გამოძიება შედეგით ვერ დასრულდება. როგორც სუს- ის ხელმძღვანელმა განაცხადა, ოთარ ფარცხალაძემ ჩვენების მიცემის მეორე დღესვე დატოვა საქართველო. ამასთან, ფარცხალაძესთან დაკავშირებით დასმული რამდენიმე კითხვის შემდეგ, ლილუაშვილმა აღნიშნა – „იმდენი საფრთხეები და რისკებია, რა დროს ფარცხალაძეა“.