საქართველო და მოლდოვა ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან -შარლ მიშელი

4
spot_img

საქართველო და მოლდოვა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგანან, – ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ ევროკავშირის ლიდერებისთვის გაგზავნილ წერილში, რომლითაც მიშელმა ლიდერები 17 ოქტომბერს ევროპული საბჭოს სხდომაზე მიიწვია.

„ევროპული საბჭო განიხილავს საგარეო ურთიერთობების პოლიტიკის რამდენიმე საკითხს, მათ შორის მდგომარეობას მოლდოვასა და საქართველოში. ორივე ქვეყანა თავიანთი ევროპული გზისთვის გადამწყვეტი მომენტის წინაშე დგას“, – ნათქვამია შარლ მიშელის წერილში.

როგორც ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, სამიტზე განხილვის ცენტრალური თემა უკრაინა იქნება. ევროკავშირის ლიდერები ვოლოდიმირ ზელენსკისგან „გამარჯვების გეგმას“ მოისმენენ. ასევე, ევროპელი ლიდერების ყურადღება ფოკუსირებული იქნება ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებზე.

ამასთან, სამიტზე იგეგმება ევროკავშირის კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური მედეგობის განხილვა. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იქნება მიგრაცია.

როგორც შარლ მიშელი აღნიშნავს, ევროპელი მაღალჩინოსნები განიხილავენ კონკრეტულ ზომებს არალეგალური მიგრაციის თავიდან ასაცილებლად, მათ შორის, გარე საზღვრების კონტროლის გამკაცრებას, პარტნიორობისა და დაბრუნების პოლიტიკის გაძლიერებას.