„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ბრიფინგს ეხმიანება, რომლის ინფორმაციით, „საქართველოს ტერიტორიასა და მის ფარგლებს გარეთ მოქმედი პირთა გარკვეული ჯგუფი, მიმდინარე წლის ოქტომბერ-დეკემბერში საქართველოში გეგმავს დესტაბილიზაციისა და სამოქალაქო არეულობის მოწყობას, რომლის საბოლოო მიზანია ხელისუფლების ძალადობრივი გზით შეცვლა“.
როგორც ქართველიშვილი წერს, ბრიფინგზე გაჟღერდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გვარები: გია ლორთქიფანიძე, მამუკა მამულაშვილი და მიხეილ ბატურინი. სუს-ი აუცილებლად გააგრძელებს თავის ეფექტურ საქმიანობას და ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს უაზრო სისხლის ზღვრის თავიდან ასაცილებლად.
“თითქმის ბოლო ნახევარი წელიწადი ჩვენ მიზანმიმართულად ვაშუქებდით იმ საკითხებს, რომელთა ირგვლივ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ პარალელურად, პროფესიულ დონეზე მიმდინარეობდა ოპერატიული მუშაობა. სუს-ის დღევანდელ ბრიფინგზე პასუხი გაეცა იმ ძირითად შეკითხვას: “სადაა ჩვენი სპეცსამსახური”. ის იქაა, სადაც უნდა იყოს – უხილავ, მაგრამ ბრძოლისუნარიან მდგომარეობაში ქვეყნის უსაფრთხოების დაცვის სადარაჯოზე.
დღევანდელ ბრიფინგზე გაჟღერდა ყველაფერი ის, რაზეც არაერთხელ დაგვიწერია – უკრაინის მახლობლად პოლონეთის ტერიტორიაზე საგანგებო ბანაკებში ქართველი “ზონდერ-შაჰიდების” მომზადების თაობაზე, ოქტომბერ-დეკემბერში არეულობის გამწვავებაზე, სისხლიანი სცენარების ამოქმედებაზე, უკრაინის ტერიტორიიდან “დესანტის” გადმოსროლაზე და ა.შ.
დღეს ბრიფინგზე გაჟღერდა ჩვენთვის კარგად ნაცნობი გვარები: გია ლორთქიფანიძე, მამუკა მამულაშვილი და მიხეილ ბატურინი. ეს უკანასკნელი იმყოფებოდა უკრაინიდან თურქეთის მიმართულებით გეზაღებულ იახტაზე, რომელიც საქართველოს საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით იქნა დაპატიმრებული თავისი ოთხივე ეკიპაჟის წევრთან ერთად 2020 წლის ნოემბერში. სწორედ ბატურინის და მისი თანამზრახველების ციხიდან გათავისუფლების მიზნით იყო ჩამოსული 2021 წლის ზაფხულში პრეზიდენტი ზელენსკი, რათა ჯერჯერობით ვერშემდგარი ტერორისტი კვლავ საბრძოლო რიგებში დაებრუნებინა.
ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ ტერორისტების და მათი საერთაშორისო მფარველების მხილებას. სუს-ი აუცილებლად გააგრძელებს თავის ეფექტურ საქმიანობას. ტერორისტების მიერ საზარბაზნე ხორცად მომზადებულ ახალგაზრდებს და მათ მშობლებს ვურჩევ – გონს მოეგეთ! მერე გვიანი იქნება. ვერც ერთ თქვენს დაგეგმილ განზრახვას წარმატება არ უწერია. ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს უაზრო სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად. მოვლენებს, რომლებსაც იგივე ძალები მართავდნენ 2014 წლის კიევის სისხლიანი “მაიდანის” დროს – საქართველოში ადგილი ვერ ექნება!”-წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.