აღდგომის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სამომხმარებლო ბაზრის კონტროლი გაააქტიურა.
სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფები საბითუმო, მსხვილ და მცირე სავაჭრო ობიექტებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებენ. განსაკუთრებული აქცენტი კეთდება ხორცისა და კვერცხის სარეალიზაციო ობიექტების, ასევე საკონდიტროების კონტროლზე. მოწმდება კვერცხის ვარგისიანობის ვადა, ეტიკეტირება და რეალიზაციის პირობები, ხოლო საკონდიტრო საცხობებსა და ხორცის სარეალიზაციო ობიექტებში წარმოების პროცესი, სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა და მიკვლევადობა.
„სადღესასწაულო დღეებში განსაკუთრებით იზრდება მოთხოვნა სურსათზე. სააგენტო სამომხმარებლო ბაზარს აქტიურად ამოწმებს და მოუწოდებს მომხმარებელს, განსაკუთრებით მაღალი რისკის სურსათის შეძენისას, ყურადღება მიაქციოს რეალიზაციის პირობებსა და ტემპერატურული რეჟიმის დაცვას,“ – აღნიშნა სურსათის უვნებლობის დეპარტამენტის უფროსმა, ვასილ კვერნაძემ.
მიმდინარე წელს სააგენტომ საცხობებში განახორციელა 522 ინსპექტირება და 42 დოკუმენტური შემოწმება, გამოვლინდა 85 სამართალდარღვევა. სახელმწიფო კონტროლი ჩატარდა კვერცხის წარმოებებში, სადაც დარღვევის მხოლოდ 2 შემთხვევა აღინიშნა. მიმდინარე შემოწმების შედეგებს სააგენტო ეტაპობრივად გაავრცელებს