კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში სტუდენტებს შორის დაპირისპირება მოხდა. როგორც სტუდენტებმა ჟურნალისტებთან საუბარში აღნიშნეს, გარკვეული ჯგუფი პროვოკაციას აწყობდა და მათ საპროტესტო აქციებში ჩართვისკენ მოუწოდებდა.
ახალგაზრდების თქმით, განსხვავებული შეხედულებების გამო, მათ შეურაცხყოფები მიაყენეს და წიწაკის სპრეი გამოიყენეს. რამდენიმე დაშავებულს პირველადი დახმარება კლინიკაში აღმოუჩინეს. მათი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურია. შემთხვევა დღის მეორე ნახევარში მოხდა.
„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტებს სურდათ შეხვედრა ამ უნივერსიტეტის თვითმმართველობასთან და ადმინისტრაციასთან და აზრების გაცვლა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. შეხვედრის დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტის გარეთ სტუდენტების წინააღმდეგ ერთ-ერთმა შეხვედრის მონაწილემ გამოიყენა წიწაკის სპრეი. დაპირისპირების მიზეზი იყო ის, რომ ეს პიროვნება ითხოვდა, რომ მთელი უნივერსიტეტი გაფიცულიყო და სწავლის პროცესი შემწყდარიყო, რაც მიუღებელია“, – აღნიშნა ერთ-ერთმა სტუდენტმა ჟურნალისტებთან საუბარში.