“სწორია, როცა ჩვენი პოლიტიკოსები ცდილობენ, საგარეო გავლენა გაზარდონ” – ალექსანდრე რაქვიაშვილი

41
spot_img

სწორია, როცა ჩვენი პოლიტიკოსები ცდილობენ, საგარეო გავლენა გაზარდონ, თუმცა მიშელს ისეთი ტვიტი და ცალსახა პოზიცია ჰქონდა, მეტი რა ქნას, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა განაცხადა.

რაქვიაშვილი გამოეხმაურა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელსა და ემანუელ მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ევროპული საბჭოს სხდომაზე განიხილონ.

„მიშელი ისედაც გვეხმარებოდა, ჩამოდიოდა, უამრავი ენერგია, დრო დახარჯა. არ ვიცი, კიდევ რა უნდა გააკეთონ ევროპელებმა. რაც მაკლია, ამერიკელების მკაფიო პოზიციაა. ამერიკელი მაღალჩინოსნის, უფრო მაღალი დონის განცხადებაა საჭირო, რომ ეს შეიცვალოს, რადგან შინაარსობრივად, პირველ რიგში, ამ კანონით ამერიკელებს უფრო ვებრძვით, ვიდრე ევროპელებს. ევროპელებმა უკვე ყველაფერი ქნეს, ყველაფერი გაკეთებულია. ვინმეს რამე თუ აინტერესებდა ევროპის ნაწილში, ცალსახაა“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობს, რამდენად არსებობს თეორიული შანსი, ევროპულმა საბჭომ დღეს საქართველოს საკითხი განიხილოს, რაქვიაშვილმა აღნიშნა: „წარმოდგენა არ მაქვს, პროცედურულ ნაწილში როგორ არის, მაგრამ შარლ მიშელს თუ უნდა გაკეთება, მგონი, ეს შესაძლებელია“.