სტრატეგიული გამოფხიზლება მოხდა, ჩვენი უსაფრთხოება სამუდამოდ ამერიკელებს არ უნდა მივანდოთ, უნდა დავიცვათ ჩვენი ეროვნული და ევროპული ინტერესები -ემანუელ მაკრონი

10
spot_img

ჩვენ არ უნდა მივანდოთ სამუდამოდ ჩვენი უსაფრთხოება ამერიკელებს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ბუდაპეშტში ევროპული პოლიტიკური საზოგადოების სამიტზე გამოსვლისას განაცხადა.

ემანუელ მაკრონის თქმით, სხვა ლიდერების მსგავსად 6 ნოემბერს ესაუბრა აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს და გამარჯვება მიულოცა.

„ვფიქრობ, ჩვენი როლი აქ, ევროკავშირში, არ მდგომარეობს იმაში, რომ კომენტარი გავაკეთოთ დონალდ ტრამპის არჩევაზე, რათა გავიგოთ, კარგია ეს თუ ცუდი. ის ამერიკელმა ხალხმა აირჩია და ის დაიცავს ამერიკელების ინტერესებს, ეს არის ლეგიტიმური და კარგი. კითხვა მდგომარეობს იმაში, მზად ვართ თუ არა, ჩვენ დავიცვათ ევროპელების ინტერესები? ეს ერთადერთი კითხვაა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დავუსვათ“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის ლიდერის თქმით, მნიშვნელოვანია ევროპელებს ჰქონდეთ გზავნილი, რომ თავად არიან უსაფრთხოებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიმწოდებლები.

„ფაქტი მდგომარეობს იმაში, რომ მოხდა სტრატეგიული გამოფხიზლება, რომელიც ჩვენ, ევროპელებმა უნდა მივიღოთ. ჩვენ არ უნდა მივანდოთ სამუდამოდ ჩვენი უსაფრთხოება ამერიკელებს. ვფიქრობ, ასევე მნიშვნელოვანია, გავაგზავნოთ გზავნილი, რომ ახლა ჩვენ ვართ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიმწოდებლები“, – თქვა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტის თქმით, ეს არის მომენტი, როდესაც ევროპამ უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და იმოქმედოს.

„ამგვარად ჩემთვის, ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ ვიღებთ გადაწყვეტილებას, ვიმოქმედოთ, დავიცვათ ერთდროულად ჩვენი ეროვნული და ევროპული ინტერესები, გვჯეროდეს ჩვენი სუვერენიტეტის, ჩვენი სტრატეგიული ავტონომიის და ვთქვათ, რომ ჩვენ არ გვსურს, უბრალოდ ვიყოთ მომხმარებლები, ბაზარი, არ გვსურს, მივანდოთ ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ტექნოლოგიური არჩევანი და ჩვენი უსაფრთხოება სხვებს“, – განაცხადა მაკრონმა.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე უკრაინის საკითხზე ისაუბრა.

„შესაძლოა, ამ მაგიდასთან განსხვავებული მოსაზრებები იყოს, თუმცა ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩვენი ინტერესი ერთნაირია. ჩვენი ინტერესია, რომ რუსეთმა არ გაიმარჯვოს ამ ომში“, – განაცხადა მაკრონმა.