“სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო მხოლოდ სააკაშვილის ვარშავაში დაუყოვნებლივ არგადაყვანასთან დაკავშირებით” – ლევან ხაბეიშვილი

603
spot_img

მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში მიხეილ სააკაშვილის საქმე და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

როგორც ლევან ხაბეიშვილმა აღნიშნა, „რუსული პარტია საქართველოში ცდილობს, სხვადასხვა სახის ინფორმაცია საზოგადოებას შეასაღოს ისე, როგორც მათ ეს სურთ“.

„დღეს ეს გააკეთა იუსტიციის მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, ზუსტად ისე, როგორც რუსულ პროპაგანდას სჩვევია. საზოგადოებას უნდა მივაწოდოთ სწორი ინფორმაცია და ეს მდგომარეობს შემდეგში – სტრასბურგმა გადაწყვეტილება მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ პრეზიდენტ სააკაშვილის ვარშავაში არგადაყვანასთან დაკავშირებით დაუყოვნებლივ, სხვა რამეზე სტრასბურგის სასამართლოს ამ დროისთვის არ უმსჯელია. მნიშვნელოვანია, სტრასბურგის სასამართლომ ადვოკატების დასაბუთებული მტკიცებულებები მიიღო და თქვა, რომ ამ საკითხზე არსებითად იმსჯელებს. მნიშვნელოვანია, რომ სტრასბურგმა მიიღო წარმოებაში საქმე და სამართლებრივად ეს დავა გაგრძელდება. რასაც ასაღებს რუსული პარტია, თითქოს რაიმე დოზით, რაიმე სახით მსჯელობა ყოფილიყო პრეზიდენტ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე ან როგორ მკურნალობენ მას, ეს არის ტყუილი და ნებისმიერ ადამიანს ამ გადაწყვეტილების გაცნობის შემდეგ შეეძლება, რომ დარწმუნდეს და, ცხადია, ეს ვერ და არ დაიმალება. ყველას შეეძლება ამ ინფორმაციის გადამოწმება“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

მისივე თქმით, ერთადერთი, რაზეც სტრასბურგმა იმსჯელა ამ საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე იყო მხოლოდ ვარშავაში გადაყვანის საკითხი.

„იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ  სხვა საავადმყოფოში გადაყვანაც  არ დაავალა. მსგავსი მოთხოვნა დაცვის მხარეს არ ჰქონია. მნიშვნელოვანია, როცა საუბრობენ ევროპულ გადაწყვეტილებებზე, ეს არის შუალედური გადაწყვეტილება და საქმის არსებითი განხილვა გაგრძელდება. შევახსენებ რუსულ ხელისუფლებას, რომ არსებობს დასაბუთებული, ხელმოწერილი მტკიცებულებები და დოკუმენტაციები, რეზოლუციები ევროპიდან და ეს არის რეზოლუცია სადაც წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი ახორციელებს პირად ვენდეტას სააკაშვილზე, ასევე ამ რეზოლუციებში წერია, რომ ბიძინა ივანიშვილი, რუსი ოლიგარქი არის საფრთხე ევროკავშირის გზაზე.

ასევე შეგახსენებთ, რომ ჰააგამ მიიღო გადაწყვეტილება და პუტინი არის ძებნილი, როგორც სამხედრო დამნაშავე. ამ სამხედრო დამნაშავესთან რუსული ოცნება აპირებს პარტნიორობას და ფრენების აღდგენას.

„ნაციონალური მოძრაობა“ გააგრძელებს ბრძოლას ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის, მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიას, ლაზარეს თავისუფლებისთვის, ჩვენი დაკავებული ოფიცრების გათავისუფლებისთვის, მათ შორის რომა შამათავას და სხვა სამხედრო ბიჭების, რომლებიც პოლიტიკური ნიშნით ჰყავთ გასამართლებული და, ცხადია, ჩვენ ვაპირებთ ბრძოლას ჩვენი ქვეყნის გათავისუფლებამდე“, – განაცხადა ხაბეიშვილმა.