რაჭის გუბერნატორის, პაპუნა მარგველიძის განცხადებით, შოვში, სტიქიის ზონაში, შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ადგილი, რომელიც უახლოეს დღეებში დამუშავდება.
მისივე თქმით, სამძებრო სამუშაოების არეალი გაიზარდა რიონის ხეობაში.
„დაკარგული 33 მოქალაქიდან ამ დროისთვის 26 ცხედარია ნაპოვნი, გრძელდება შვიდი დაკარგული მოქალაქის საძიებო სამუშაოები. გარდაცვლილებიდან 23 იდენტიფიცირებულია. საქართველოს პრემიერ-მინისტრის მითითებით, სამძებრო სამუშაოები გაგრძელდება იქამდე, ვიდრე მოქალაქეების პოვნის მცირედი თეორიული შანსი იქნება. კურორტ შოვის ტერიტორიაზე დარჩენილია რამდენიმე ადგილი, რომლებიც უახლოეს დღეებში დამუშავდება. საძიებო სამუშაოები გაგრძელდება, პერიმეტრიც გაზრდილია მდინარე რიონის ხეობაში და ასევე, მძიმე ტექნიკაც იმუშავებს იქამდე, ვიდრე არ იპოვნიან ყველა დაკარგულ მოქალაქეს“, – განაცხადა რაჭის გუბერნატორმა.
კითხვაზე, რას აპირებენ მთლიანი პერიმეტრის შესწავლის შემდეგ, მარგველიძემ განაცხადა:
„ჩვენ კოორდინაციაში ვართ ყველა შესაბამის უწყებასთან და შესაბამისი ინფორმაციის გადამოწმების შემდეგ გავაგრძელებთ მუშაობას“.
ამასთან, როგორც რაჭის გუბერნატორმა განაცხადა, სოფელ გლოლაში მთავრდება წყალმომარაგების სისტემის სამუშაოები და, სავარაუდოდ, სოფელს წყალმომარაგება დღეს აღუდგება.
შოვში მეწყერი 3 აგვისტოს ჩამოწვა.