სტაჟირების პროგრამის მთავარი ამოცანაა, კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებთან შეხვედრისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ პროგრამის ფარგლებში მთავრობა ითანამშრომლებს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, ისე კერძო სექტორთან.
„სტაჟირების პროგრამის ძირითად მონახაზზე უკვე გვქონდა საუბარი. საპილოტე რეჟიმში უკვე წელსვე უნდა ამოქმედდეს ეს პროგრამა, 3 000 – ზე მეტი კურსდამთავრებული უნდა იყოზ მიღებული სტაჟირებაზე, პროგრამის ფარგლებში. ჩვენი წარმოდგენით, დაახლოებით 4-თვიანი უნდა იყოს ეს პროგრამა და კურსდამთავრებულები მიღებულნი იქნებიან სტაჟირების პროგრამაზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებაში. ასევე ჩვენ გვექნება თანამშრომლობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან, რაც განსაკუთრებით საინტერესო შეიძლება იყოს რეგიონების უნივერსიტეტების სტუდენტებისთვის და ვითანამშრომლებთ კერძო სექტორთან, რათა ზოგადად კერძო სტრუქტურებში იყოს უზრუნველყოფილი კურსდამთავრებულების მიღება. ამ პროგრამის მთავარი ამოცანა არის ის, რომ კურსდამთავრებულებს გაუადვილდეთ პროფესიულ ცხოვრებაში შესვლა, რაც მათ ხელს შეუწყობს შემდგომ კარიერულ ზრდაში. ეს არის მთავარი ამოცანა. პარლამენტმა მიიღო ამ საკითხთან დაკავშირებით კანონი ჯერ კიდევ შარშან და სწორედ ამ კანონის საფუძველზე წელს მთავრობამ დააანონსა ეს ახალი პროგრამა,”- განაცხადა პრემიერმა,
ირაკლი კობახიძის თქმით, პროგრამა სტუდენტებთან გამართული კონსულტაციების საფუძველზე, მათი რჩევების გათვალისწინებით ამოქმედდება.
„ბევრი რამ იქნება დამოკიდებული დეტალებზე. ჩვენ არ გვინდა, რომ ცალმხრივად შევიმუშაოთ პროგრამა. ამ პროგრამის მთავარი მოსარგებლეები არიან კურსდამთავრებულები, სტუდენტები და თუ თქვენგან არ მოვისმენთ იმას, თუ როგორ იქნება უკეთესი ამ პროგრამის ჩამოყალიბება, შეიძლება „სტარტი”, დასაწყისი არ გამოვიდეს წარმატებული. ამიტომ გვინდა, კონსულტაციები გავიაროთ, თქვენგან მივიღოთ რჩევები. გავაგრძელებთ კონსულტაციებს და გვინდა, რომ სწორედ ასეთი კონსულტაციების საფუძველზე მივცეთ საბოლოო სახე ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამას, რომელიც უკვე სექტემბრიდან უნდა ამოქმედდეს.
დარწმუნებული ვარ, რომ დღეს გვექნება ნაყოფიერი დისკუსია ყველა საკითხთან დაკავშირებით. ძალიან ნაყოფიერი იყო სტუდენტებთან წინა შეხვედრა. ველოდებით, რა თქმა უნდა, ასეთივე საინტერესო დისკუსიას თქვენთან,”- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.