
ბრიტანულ გაზეთ „ინდეფენდენთის“ (The Independent) 16 მაისის ნომერში გამოქვეყნებულია ცნობილი ჟურნალისტის მერი დეჟევსკის სტატია სათაურით “სტამბოლოს სამშვიდობო მოლაპარაკებაზე, რომელიც თვითონ კრემლის მიერ იქნა ინიცირებული, ვლადიმერ პუტინის არყოფნა დიალოგის ჩაშლას არ ნიშნავს”. ავტორის აზრით, თუ მხარეებს მართლაც სერიოზულად სურთ მშვიდობის მიღწევა, მაშინ მოილაპარაკებენ, დოკუმენტის პროექტს შეიმუშავებენ, რომლებსაც შემდეგ პრეზიდენტები ხელს მოაწერენ.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
ბევრისთვის სტამბოლში დაგეგმილი რუსულ-უკრაინული შეხვედრის წინ მთავარი კითხვა ასე ჟღერდა – ჩავიდოდა თუ არა თურქეთში ვლადიმერ პუტინიც? ახლა უკვე ნათელია, რომ რუსეთის პრეზიდენტი სტამბოლში არ გაემგზავრება. რა თქმა უნდა, უკრაინელმა ლიდერმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ არ დააყოვნა რუსეთი დელეგაცია პუტინის გარეშე „ბუტაფორიულ შემადგენლობის“ მქონედ ჩათვალა. თუმცა წესით პუტინის არყოფნამ მოლაპარაკების წარმატებას ხელი არ უნდა შეუშალოს.
როცა ერთი კვირის წინ დონალდ ტრამპმა სამომავლო შეხვედრის შესახებ განაცხადა, რუსეთის პრეზიდენტმა, რომელსაც ასევე ჰქონდა ნათქვამი – „პირდაპირი შეხვედრა წინასწარი პირობების გარეშე გაიმართებაო“, ვოლოდიმირ ზელენსკისაგან გამოწვევა მიიღო: „მე მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები მოლაპარაკებას, თუ ჩემს წინ მხოლოდ პირადად პუტინი დაჯდებაო“. კრემლი ბოლო მომენტამდე დუმილს ინარჩუნებდა – არც ადასტურებდა და არც უარყოფდა პრეზიდენტის მონაწილეობას და მხოლოდ სამიტის წინა დღეს, როცა რუსული დელეგაციის შემადგენლობა გამოცხადდა, აშკარა გახდა, რომ ვლადიმერ პუტინი სტამბოლში არ მიდიოდა და მოსკოვში რჩებოდა.
მაგრამ ამ სიტუაციას ორი მნიშვნელოვანი ნიუანსი აქვს:
პირველ რიგში ის, რომ თავიდანვე ნაკლებად სავარაუდოდ ჩანდა ვლადიმერ პუტინის გამგზავრება სტამბოლში, თანაც ესოდენ მოკლე ვადაში. ტრადიციულად, მსოფლიოს დიდი ლიდერებისათვის (ალბათ, დონალდ ტრამპის გამოკლებით) ერთკვირიანი ვადა არასაკმარისია საზღვარგარეთული ვიზიტის მოსამზადებლად. ყველას კარგად მოეხსენება, რომ კრემლი და პირადად ვლადიმერ პუტინი უცხოურ ვიზიტებს წინასწარი მტკიცე მომზადების გარეშე არ ახორციელებს, ყოველ საპრეზიდენტო ვიზიტს წინ უძღვის მინიმუმ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა მაინც, ნებისმიერი მოულოდნელობები რომ გამორიცხული იყოს.
ვლადიმერ პუტინისათვის კარგად არის ცნობილი ვოლოდიმირ ზელენსკის პიარ-ტალანტი და ის სიმპათიები, რომლითაც დასავლეთში უკრაინელი ლიდერი სარგებლობს. ამასთან დაკავშირებით კრემლს ორმაგი სიფრთხილით უწევს მოქმედება, რომ ყველანაირ ხაფანგ-მახეებს თავი აარიდოს.. ერთ-ერთი ასეთი მახე იყო დონალდ ტრამპის შეთავაზება 30-დღიან ზავზე, რომელსაც ვოლოდიმირ ზელენსკიმ, მცირე ყოყმანის შემდეგ, მხარი დაუჭირა. კრემლისათვის კი ეს მოულოდნელი იყო, რუსეთის ხელმძღვანელობას სიურპრიზები არ უყვარს. შესაბამისად, საეჭვო ჩანდა, რომ ვლადიმერ პუტინი დათანხმებოდა ისეთ ერთთვიან ზავს, რომლის დროსაც უკრაინისათვის დასავლური იარაღის მიწოდების შეწყვეტა გარანტირებული არ იქნებოდა. ასეა თუ ისე, რუსეთ-უკრაინის დელეგაციათა მოლაპარაკება 16 მაისს მაინც გაიმართება, თუნდაც შედარებით დაბალ დონეზე და არ არის გამორიცხული სასიკეთო შედეგის მიღწევა. მოლაპარაკების პერსპექტივა დადებითად შეფასდა ნატოს გენმდივნის მარკ რიუტეს მხრიდანაც, რომელიც 15 მაისს თურქეთის პრეზიდენტს რეჯეფ ერდოღანს შეხვდა. როგორც ჩანს, მატულობს იმის გააზრება, რომ კონფლიქტი თავის დასასრულს უახლოვდება. თუ სტამბოლში მხარეები მართლაც მოილაპარაკებენ, არ არის გამორიცხული, რომ დონალდ ტრამპი შეძლებს მოულოდნელი სიუჟეტური შემობრუნების განხორციელებას – ზელენსკისა და პუტინს ერთმანეთს შეახვედრებს. ამ ეტაპზე მათი რანდევუ ნაკლებსავარაუდოდ ჩანს, მაგრამ საბოლოო ხელის ჩაქნევაც ნაადრევი იქნებოდა.
მეორე ნიუანსი ეხება რუსეთის დელეგაციის დონეს სტამბოლის მოლაპარაკებაზე, რომელიც ზოგიერთმა ევროპელმა ლიდერმა გააკრიტიკა, მათ შორის ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დევიდ ლემმაც, რომლის თქმით, კრემლი თავისი მოქმედებით ვოლოდიმირ ზელენსკის იმიჯს „ამცირებს და დიპლომატიურ შეურაცხყოფას აყენებსო“. ასეთი კრიტიკა მაინცდამაინც სამართლიანი არ არის, რადგან ვოლოდიმირ ზელენსკი აშკარად ემზადებოდა სხვადასხვა ვარიანტებისათვის: მან თურქეთში ჩასვლით თავისი საქმეც გააკეთა – რეჯეფ ერდოღანს შეხვდა (ვლადიმერ პუტინის ჩასვლა-არჩასვლის მიუხედავად). მას ასევე შეუძლია სტამბოლში გამგზავრება – იგი მიჩვეულია ასეთი სწრაფი რეჟიმის მქონე ვიზიტებს. თავის მხრივ, რუსეთის დელეგაცია შედგება ძირითადად მინისტრების მოადგილეებისაგან, მაგრამ ეს ფორმატი სავსებით მოსალოდნელი ჩანდა – ასე იყო 2022 წლის მარტ-აპრილშიც, როცა რუსეთის ჯარები კიევთან იდგნენ.
მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ ნებისმიერი დონის პირდაპირი მოლაპარაკების ფაქტი დიდ დათმობას წარმოადგენს უფრო მეტად უკრაინისათვის, ვიდრე რუსეთისათვის. კიევი ხანგრძლივი დროის განმავლობაში უარს აცხადებდა რუსეთთან ნებისმიერ კონტაქტებზე, თუმცა ბოლოს უკრაინის პრეზიდენტმა თანხმობა განაცხადა ვლადიმერ პუტინს სტამბოლში შეხვედროდა. კრემლის დელეგაციის საკვანძო ფიგურას ვლადიმერ მედინსკი წარმოადგენს, რაც მოსკოვის განზრახვის სერიოზულობას ადასტურებს. მედინსკი ოფიციალურად მხოლოდ კულტურის საკითხებშია პუტინის თანაშემწე, მაგრამ 2022 წლის მარტ-აპრილის მოლაპარაკების დროსაც რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი იყო. როგორც ცნობილია, იმ დროს მხარეებმა წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს საომარი მოქმედებების შეწყვეტის თაობაზე, მაგრამ მოგვიანებით დოკუმენტს ხელი არ მოეწერა და გარიგება ჩაიშალა. მოლაპარაკების ჩაშლის მიზეზები დღემდე საკამათოა, მაგრამ როგორც არ უნდა იყოს, ყველაზე სამწუხარო ისაა, რომ ომი გაგრძელდა, ორივე მხრიდან მსხვერპლი კატასტროფულად გაიზარდა და ახლა მშვიდობის მიღწევა უფრო გართულებულია, ვიდრე იმ დროს. რუსეთის დელეგაციის შემადგენლობა იმას აჩვენებს, რომ მოსკოვი სტამბოლის შეხვედრაში 2022 წელს შეწყვეტილი პროცესის გაგრძელებას ხედავს. კაცმა რომ თქვას, ეს გარემოება არც უკრაინისთვის არის ცუდი. მართალია, რუსეთმა მიაღწია გარკვეულ პროგრესს ტერიტორიების დაკავებაში, მაგრამ ამით კრემლის დღევანდელი პირობები 2022 წლის მარტ-აპრილის პირობებისაგან მაინცდამაინც დიდად არ განსხვავდება; რუსულენოვანი მოსახლეობის დაცბა (ე.წ. „დენაციფიკაცია“), უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთის ოთხი რეგიონის გადაცემა რუსეთისათვის, ყირიმის მიერთების აღიარება და კრემლის მთავარი მარადიული მოთხოვნა – უკრაინის ოფიციალური უარი ნატოს წევრობაზე (დასაშვებია ევროკავშირში მიღება).
მართალია, უკრაინისათვის ასეთი პირობები მიუღებლად ითვლება იმდენად, რამდენადაც აკანონებს ქვეყნის ტერიტორიულ დანაკარგებს, მაგრამ თუ ისინი ადრეც დღის წესრიგში იყვნენ შეტანილნი, ახლაც შეიძლება მათი განხილვა, მით უმეტეს, რომ რუსეთს ამჟამადაც უპირატესი პოზიციები აქვს.
თუ ამას დავამატებთ ათასობით ბავშვის დაბრუნებას უკრაინაში, რომელთა უკანონო გაყვანას ოკუპირებული ტერიტორიებიდან კიევი მოსკოვს აბრალებდა (ეს ფაქტი პუტინისათვის დაპატიმრების ორდერის გამოწერის ერთ-ერთი მიზეზი გახდა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ), მაშინ შეიძლება ისეთი შეთანხმების კონტურები დავინახოთ, რომელიც უკრაინას დაეხმარება დარჩეს დამოუკიდებელ, სუვერენულ და პროდასავლურ სახელმწიფოდ.
მოამზადა სიმონ კილაძემ