“სსფ-თან შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით სამუშაოები ტექნიკური გუნდების დონეზე უახლოეს პერიოდში გაგრძელდება” – ნათია თურნავა

105
spot_img

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ნათია თურნავა მარაქეშში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის მიერ გამართული ყოველწლიური შეხვედრების ფარგლებში სსფ-ის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორს ჯიჰად აზურს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრას ასევე საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილეები ეკატერინე გუნცაძე და მირზა გელაშვილი ესწრებოდნენ.

შეხვედრისას მხარეებმა სსფ-ს მიერ მხარდაჭერილი, დროებით შეფერხებული პროგრამის სწრაფად აღდგენასთან დაკავშირებული საკითხები და კონკრეტული ნაბიჯები განიხილეს. ასევე ხაზი გაესვა პროგრამის მეორე მიმოხილვის დროულად დასრულების აუცილებლობას, რისთვისაც ორივე მხარე სრულ მზაობას გამოხატავს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავას განცხადებით, პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებული სამუშაოები უახლოეს პერიოდში ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება.

„შევთანხმდით, რომ პროგრამის აღდგენასთან დაკავშირებით შემდგომი სამუშაოები უახლოეს პერიოდში ტექნიკური გუნდების დონეზე გაგრძელდება“, – აღნიშნა თურნავამ.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯიჰად აზურთან შეხვედრისას ნათია თურნავამ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი კვლავაც ერთგული რჩება ფასების სტაბილურად შენარჩუნების ამოცანის მიმართ.