“უკრაინა მათთვის მხოლოდ და მხოლოდ გამოსაყენებელი “ბედლანდიაა” – უბედურთა ქვეყანა” – დავით ზარდიაშვილი

506
spot_img

“ჯორჯიან თაიმსის” ბლოგი

ავტორი: დავით ზარდიაშვილი

დასავლურ პრესაში ამ ბოლო დროს გახშირდა მძაფრი სტატიები საარაკო უკრაინულ კორუფციაზე. მაგალითად, “ფაინენშელ ტაიმსმა” გუშინ გამოაქვეყნა ფართო გამოხმაურების მქონე მწვავე სტატია ამ სათაურით: “უკრაინა ეომება კორუმპირებულ სამხედრო კომისარიატებს”. ამ სათაურითაც კონტექსტი სრულიად მკაფიოა -უკრაინა მარცხს განიცდის კორუფციასთან უარესად, ვიდრე ეს რუსეთთან სამხედრო დაპირისპირებაა, აბსოლუტურად უთანასწორო ომშიც. გამაოგნებელია ამ სტატიაში მოყვანილი ფაქტები, მოვიყვან რამდენიმეს.

კერძოდ:

1. უკრაინული კორუფციის “ეტალონად” აღწერილია ოდესის ოლქის სამხედრო კომისარის ერთობ “შთამბეჭდავი” მაგალითი: მან ქრთამის სახით ომის დაწყებიდან სულ რაღაც ერთ წელიწადში იმდენი მილიონი იშოვა, რომ სულაც არ დაენანა 4, 2 მილიონ ევროდ ამ გაგანია ომის დროს ესპანეთში ფეშენებელური ვილის, ასევე ძვირფასი ავტომობილების შეძენა და თანაც, ოჯახთან ერთად სეიშელის კუნძულებზე, თითქოს კომფორტული დასვენებისათვის ეს ვილა არ ეყოფოდა, განცხრომა . რატომაც არა? მისთვის ხომ დასვენება ალალია, იგი ხომ არაადამიანურად დაიღალა მუხლჩაუხრელი შრომით: ხუმრობა ხომ არ არის, ქრთამის სახით ასეულობით და როგორც გამოძიება ვარაუდობს, ათასეულობით (!) უკრაინელისაგან მხოლოდ ოდესის ოლქში, რათა ყალბი ცნობა “გაეჩალიჩებინა” ჯარისგან დასახსნელად, ცნობის სირთულის შესაბამისად, 2000-დან 12 000-მდე აშშ დოლარის აღება; ცხადია, ფულს ტყუილად არ გადაიხდიდნენ, ცნობა ხომ ჰაერიდან არ ცვივა და მის მომზადებას საკმაო ბიუროკრატიული გარჯა, ოფლისღვრა სჭირდება; ამხელა სამუშაოს ის მარტო ვერ გასწევდა, არამედ მთელი კომისარიატი აქტიურად ეხმარებოდა, მაგრამ მას სათანადო დასვენება, როგორც მთავარ მოქმედ პირსა და ორგანიზატორს, უეჭველად ეკუთვნის. მას კი მრავალი წლით დაასვენებენ, ოღონდ ამჯერად არა სეიშელის კუნძულებზე, მაგრამ მის თანამშრომლებს რა, არ ეკუთვნით?

2. ამ გახმაურებული ფაქტის გამო დაიწყეს მთელს უკრაინაში კომისარიატების საქმიანობის შესწავლა და “აღმოაჩინეს” ის, რაც ისედაც ნებისმიერი უკრაინელი მოქალაქისათვის ზედმიწევნით ცნობილია: ჯარიდან დახსნა საშუალოდ 6 000 დოლარი ღირს და ვისაც კი შესაძლებლობა აქვს, უშურველად იხდის ამ თანხას. ამიტომ: ზელენსკიმ შეცვალა ყველა კომისარი და მათ ადგილას ფრონტიდან სხვადასხვა მიზეზით დემობილიზებული ვეტერანი სამხედროები განაწესა. მაგრამ: კომისარიატების პერსონალს ვერ შეცვლის, რადგან – ამდენი ვეტერანი ფრონტიდან იქ სამუშაოდ რომ გააგზავნოს, ნამდვილად არ მოიძებნება. თანაც, ვეტერანებს რა, აწყენთ ვილა და სეიშელის კუნძულზე დასვენება, როცა ამდენი კლიენტია გადამხდელი?!

3. კორუფციის მასშტაბზე კომისარიატების ამ “სერვისის” – ყალბი დოკუმენტებით სარფიანი ვაჭრობის – მომხმარებელთა, ვისაც ჯარში წასვლა არაფრით არ უნდა და უკრაინისათვის თავის გამეტება სულაც არ სურს, ძალიან დიდი რაოდენობაც – 100 ათასობით (!), მეტყველებს. მათგან არა უმეტეს მეათედს, იჭერენ კიდეც. მარტო შარშან 13 000-მდე დამრღვევი დააკავეს და 6100 კი დეზერტირობისთვის გაასამართლეს კიდეც. თუმცა, ასევე ბევრნი არიან ისეთებიც, ვინც უფრო იაფად ახერხებს თავის დაძვრენას და ქვეყნის ნაკლებად დაცული დასავლეთ საზღვრებიდან იპარება. “ფაინენშელ ტაიმსს” მაგალითად მოჰყავს 40 წლის უკრაინელი ვაჟკაცი, რომელიც “ტელეგრამის” ქსელში კარგად ცნობილია ამ ნიკით: “ჯორჯ ივენსია”. მან მოახერხა და უკრაინიდან გაიპარა რუმინეთის საზღვრიდან, თან ისე კოხტად, რომ ოსტაპ ბენდერივით კი არ ჩავარდნილა! ახლა, ეს წარმატებული ნიუ-ბენდერი, ანუ ჯორჯ ივენსია რუმინეთში ცხოვრობს და ერთობ სარფიან “ბიზნესს” ეწევა: “ტელეგრამით” იზიდავს კლიენტებს და მის მიერ დამუშავებულ უსაფრთხო მარშრუტს, შესაბამისი დეტალური ინსტრუქციით, თუ როგორ უნდა გაიარო, რომ არ ჩავარდე და რუმინეთის საზღვარი “კოხტად და ლამაზად” გადალახო, 1000 დოლარად ყიდის! მართლაც: ვინ თქვა ოსტაპ ბენდერი სახლმმართველად მოკვდაო, ის – უკვდავია!

და საერთოდ: უკრაინას, მე მგონი, “ბენდერია” უნდა დაერქვას! სტეფან ბანდერას სულსაც მოეფონებოდა, რადგან, აბა, რა დიდი განსხვავებაა: გინდა ბენდერი, გინდა -ბანდერა. თანაც, რაც მთავარია, ორივე ერთნაირად აღაფრთოვანებს მასებს ამ ოქროს სიტყვებით: “ზაგრანიცა ნამ პამოჟეტ!”

“ზაგრანიცა” კი, თუკი “ფანინეშელ ტაიმსის” ამ სტატიას და მასზე მკითხველთა გამოხმაურებებს წაიკითხავთ (ამჯერად ლინკს არ დავდებ, თავად “დაგუგლეთ”) არც თუ ძალიან იწვის ბენდერია-ბანდერიას დახმარების სურვილით…. არც იმას აპირებს, ვინმეს ბენდერივით თავი გააცუცურაკებინოს, ამიტომ უკრაინა მათთვის მხოლოდ და მხოლოდ გამოსაყენებელი “ბედლანდიაა” – უბედურთა ქვეყანა და არა ბენდერია და არც ბანდერია…