პროფესიული უნარების სააგენტომ, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ/შშმ) პირებისთვის, პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, დამატებითი მხარდამჭერი მექანიზმი შეიმუშავა, – ინფორმაციას პროფესიული უნარების სააგენტო ავრცელებს.
„სსსმ აპლიკანტად ითვლება ნებისმიერი პირი, რომელსაც აქვს სხვადასხვა სახის სირთულეები (შემეცნებითი, სმენის, მხედველობის, ემოციური, ქცევითი, ფიზიკური და ა.შ.) და სწავლის პროცესში დამატებით დახმარებას საჭიროებს.
ახალი მხარდამჭერი სისტემის ფარგლებში, ყველა პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირებისთვის სრულად ხელმისაწვდომია და რეგისტრაციის გავლა 1 სექტემბრიდან 25 სექტემბრის ჩათვლით ონლაინ, ვებგვერდზე – https://vet.emis.ge შეეძლებათ.
პროფესიული უნარების სააგენტოს მიერ შემუშავებული მხარდამჭერი მექანიზმის მიხედვით, სსსმ აპლიკანტებისთვის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე შერჩევის პროცესი პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე წარიმართება, რომელიც გულისხმობს აპლიკანტის მიერ პროგრამის შესაბამისი აქტივობების პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში. მოსინჯვის მიზანია აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევა და მისთვის საუკეთესო, ინფორმირებული პროფესიული არჩევანის გაკეთება.
ასევე, სსსმ/შშმ პროფესიული სტუდენტებისთვის, სახელმწიფოს მიერ, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით, სხვადასხვა დამხმარე სერვისის უზრუნველსაყოფად, 1000 ლარიანი კვარტალური ვაუჩერი გამოიყოფა. ამასთანავე, საჭიროების შესაბამისად, სწავლების პროცესში, ინკლუზიური განათლების სპეციალისტები და სასწავლო პროცესის ასისტენტები ჩაერთვებიან და თითოეული სტუდენტისთვის სწავლების ინდივიდუალური გეგმა შემუშავდება.
პროფესიული უნარების სააგენტო, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან ერთად, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობას აგრძელებს და სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებისა (სსსმ) და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) პირებისთვის თანაბარი შესაძლებლობების შექმნას მაქსიმალურად უზრუნველყოფს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.