ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით შეისწავლოს მაჩალიკაშვილისა და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეთა მასალები და ხელახალი გამოძიების ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი, – აღნიშნულის შესახებ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.
როგორც უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური „ცინცაბაძის ჯგუფის“ მითითებულ საქმეებთან დაკავშირებით მიიღებს სამართლებრივ და ობიექტურ გადაწყვეტილებას.
„გვსურს, გამოვეხმაუროთ რამდენიმე მედია საშუალებით გავრცელებულ სიუჟეტს, სადაც გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია, თითქოსდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციით მაჩალიკაშვილის და სხვების საქმეზე სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ხელახალი გამოძიების დაწყება დაევალა, რაც არ შეესაბამება სიმართლეს.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეებზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების საკითხი განიხილა, რომელშიც სხვა საქმეებთან ერთად გაერთიანებულია გადაწყვეტილებები „მაჩალიკაშვილის და სხვების” და „ოჩიგავას“ სარჩელებთან დაკავშირებით. კომიტეტმა გასცა რეკომენდაცია სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა, სტრასბურგის სასამართლოს დასკვნების გათვალისწინებით შეისწავლოს მაჩალიკაშვილისა და ოჩიგავას სისხლის სამართლის საქმეთა მასალები და ხელახალი გამოძიების ჩატარების მიზანშეწონილობის საკითხი.
შესაბამისად, კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, სპეციალური საგამოძიებო სამსახური მინისტრთა კომიტეტის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად, საქმის მასალებსა და ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ანალიზის საფუძველზე „ცინცაბაძის ჯგუფის“ მითითებულ საქმეებთან დაკავშირებით მიიღებს სამართლებრივ და ობიექტურ გადაწყვეტილებას.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2023 წლის 19 იანვარს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მაჩალიკაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ საქმეზე მიღებული გადაწყვეტილებით არ ცნო არსებითი დარღვევა და პროცედურულ ნაწილში დაადგინა კონვენციის მე-2 მუხლის დარღვევა. რაც შეეხება ოჩიგავას საქმეს, 2023 წლის 23 თებერვლის გადაწყვეტილებით ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ 2011 წელს ციხის თანამშრომლების მიერ ოჩიგავას მიმართ ჩადენილ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით, ადგილი ჰქონდა კონვენციის მე-3 მუხლის (წამება) არსებით და პროცედურულ დარღვევას.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს ზემოხსენებულ რეკომენდაციებში დადებითად შეფასდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ინიციატივა, რომლის საფუძველზეც ყველა განმცხადებელს და პოტენციურ დაზარალებულს საქმის მასალებთან წვდომისა და გაცნობის შესაძლებლობა ეძლევა, ასევე დადებითად შეფასდა სამსახურის მიერ არასათანადო მოპყრობის ფაქტების კვალიფიკაციის განმსაზღვრელი დოკუმენტის შემუშავების ფაქტი”,- აღნიშნულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.