სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

7
spot_img

სპეციალური პენიტენციური სამსახური პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს.

„საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით, რომელიც ეხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სრულ შემოწმებას და მიზნად ისახავს მათი უფლებრივი მდგომარეობის სამართლებრივ მოწესრიგებას.

აღსანიშნავია, რომ ზოგიერთი მიკერძოებული ტელევიზიის მხრიდან საზოგადოებრივ აზრზე მანიპულირების მცდელობის მიზნით, არასრულად და დამახინჯებულად გაჟღერდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ გაცემული რეკომენდაციების გათვალისწინებით დებულებებში ასახული ცვლილებების განმარტება. კერძოდ, თითქოსდა პირადი სრული შემოწმებისას ერთდროულად მთლიანი სხეულის გაშიშვლება ამ დრომდე წარმოადგენდა გავრცელებულ პრაქტიკას.

ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას სრული (ერთდროულად მთლიანი სხეულის) გაშიშვლების პრაქტიკას ბოლო წლებში პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილი არ ჰქონია. აღსანიშნავია, რომ რიგი დაწესებულებების დებულებებით მოწესრიგებული იყო სრული გაშიშვლების პრაქტიკის აკრძალვა, ხოლო მიმდინარე პერიოდში სრულად იქნა მოწესრიგებული ყველა დაწესებულების დებულების შესაბამისი ჩანაწერი.

საზოგადოების ინფორმირების მიზნით, დამატებით განვმარტავთ, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირადი სრული შემოწმება ტარდება სკანერის გამოყენებით (შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობის შემთხვევაში) ან ბრალდებულის/მსჯავრდებულის სხეულის დათვალიერებით. ბრალდებული/მსჯავრდებული თავად ირჩევს მისთვის მისაღებ შემოწმების საშუალებასა და ფორმას, რაც მათი გარანტირებული უფლებაა. გვსურს, განვმარტოთ, რომ პირადი სრული შემოწმებისას კვლავ მოხდება სხეულის მხოლოდ იმ ნაწილის გაშიშვლება, რომლის დათვალიერებაც უნდა განხორციელდეს შესაბამისი საფუძვლიანი ეჭვის საფუძველზე. სპეციალური პენიტენციური სამსახური მომავალშიც განაგრძობს მუშაობას ბრალდებულების/მსჯავრდებულების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით“, – ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის ინფორმაციაში.