სომხეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სომხეთი არ განიხილავს საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის რომელიმე მესამე ქვეყნისთვის გადაცემას

5
spot_img

სომხეთი არ განიხილავს საკუთარ სუვერენულ ტერიტორიაზე კონტროლის რომელიმე მესამე ქვეყნისთვის გადაცემას. ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა, ნაზელ ბაგდასარიანმა განაცხადა. ინფორმაციას „არმენპრესი“ ავრცელებს.

ჟურნალისტმა ნიკოლ ფაშინიანის პრესმდივანს კითხვა დაუსვა თურქეთში აშშ-ის ელჩის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, აშშ-ის გამოდის შეთავაზებით, რომ ე.წ. ზანგეზურის დერეფანი მომდევნო 100 წლის განმავლობაში აშშ-მა გააკონტროლოს.

კერძოდ, ჟურნალისტმა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერს შემდეგი კითხვა დაუსვა: „თურქეთში აშშ-ის ელჩმა, საუბრობდა რა რეგიონული ინფრასტრუქტურის გახსნაზე, ისაუბრა აშშ-ის მიერ სომხეთის სუვერენული ტერიტორიის ნაწილის იჯარით აღების შესაძლებლობაზე, საუბარია იმ ტერიტორიაზე, რომელზეც მოხდება „ზანგრეზურის დერეფნის“ რეალიზაცია. რა კომენტარს გააკეთებდით?“.

„თქვენ მიერ ნახსენები ნომენკლატურა მიუღებელია სომხეთის რესპუბლიკისთვის. ჩვენ ასევე არაერთხელ განვაცხადეთ, რომ სომხეთი განიხილავს რეგიონული ინფრასტრუქტურის განბლოკვას მხოლოდ სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის და სომხეთის იურისდიქციის კონტექსტში. ჩვენ არ შეგვიძლია სხვა რაიმე ლოგიკის განხილვა. რაც შეეხება მიწის იჯარით აღებას, ასეთი რამ, სომხეთის კანონმდებლობით არსებობს მხოლოდ მხოლოდ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისთვის, როდესაც სასოფლო-სამეურნეო საქმიანობა ხორციელდება. შესაბამისად, აშშ-ის ელჩის მიერ ნახსენები ვარიანტი შეუძლებელია“, – განაცხადა სომხეთის პრემიერ-მინისტრის პრესმდივანმა.

დამატებით კითხვაზე, ხომ არ საუბრობს თურქეთში აშშ-ის ელჩი საგზაო კონტროლის დელეგირებაზე, სომხეთის პრემიერის პრესმდივანმა უპასუხა, რომ ერევანი არ განიხილავდა და არ განიხილავს საკუთარი სუვერენული ტერიტორიის მესამე ქვეყნებისთვის გადაცემის საკითხს.

„სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიის არცერთი ნაწილი არ შეიძლება იყოს ტერიტორიული მთლიანობის, სუვერენიტეტისა ან სომხეთის იურისდიქციის მიღმა“ – განაცხადა ფაშინიანის პრესმდივანმა.