სლოვაკეთის არჩევნებში პარტიამ Smer-SD-მ გაიმარჯვა. მისმა ლიდერმა, რობერტ ფიკომ, რომელიც საარჩევნო კამპანიას უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეწყვეტის პირობაზე აწარმოებდა, თქვა, რომ მისი პოზიცია არ შეცვლილა.
როგორც The Guardian წერს, სლოვაკეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, რომლის პარტიამ ამ საპარლამენტო არჩევნებში ხმების 20%-ზე მეტი მოიპოვა, განაცხადა, რომ „სლოვაკეთში ხალხს უფრო დიდი პრობლემები აქვს, ვიდრე უკრაინას“ და მისი პარტია არ ცვლის აზრს უკრაინის ჰუმანიტარული გზით დახმარების მზაობაზე, თუმცა სამხედრო დახმარებას აღარ გაუწევს.
სლოვაკეთის საარჩევნო სისტემის თავისებურებიდან გამომდინარე, პირველ ადგილზე გასვლის შემთხვევაშიც, ფიკოს მრავალპარტიული კოალიციის ჩამოყალიბება დასჭირდება. ამასთან დაკავშირებით მან უკვე განაცხადა, რომ კოალიციური მთავრობის შექმნაზე მზად არის.
ზოგიერთი ექსპერტი ვარაუდობს, რომ ფიკოს თავისი რიტორიკის შემსუბუქება მოუწევს, რადგან თუკი კოალიციის შექმნა სურს, სხვა მოზრდილი პარტიების მიმხრობა დასჭირდება. არჩევნებში მეორე ადგილზე გასული პარტია კი პროდასავლური „პროგრესული სლოვაკეთია“, რომელიც იდეურად ფიკოს პარტიისგან სრულად განსხვავდება, რადგან მხარს უჭერს საბრძოლო მასალის მიწოდებას უკრაინაში და იზიარებს ევროკავშირის პოზიციას რუსეთის შეჭრასთან დაკავშირებით.
ცნობისთვის, სლოვაკეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 30 სექტემბერს, ედუარდ ჰეგერის მმართველი კოალიციის დაშლის შემდეგ ჩაინიშნა.
თავად რობერტ ფიკომ სლოვაკეთის პრემიერის პოსტი პირველად 2006 წელს დაიკავა. 2010 წელს მარცხის შემდეგ ფიკო ხელისუფლებაში 2012 წელს დაბრუნდა. 2018 წელს კი გამომძიებელი ჟურნალისტის იან კუჩიაკის მკვლელობის შემდეგ, იძულებული გახდა პრემიერის პოსტი დაეტოვებინა.
ფიკო წლებია მწვავედ აკრიტიკებს ევროკავშირს, ხოლო უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით ის პრაქტიკულად პირდაპირ იმეორებს რუსული პროპაგანდის გზავნილებს. მან რუსეთ-უკრაინის ომის დაწყებაში უკრაინა დაადანაშაულა. ასევე ის პანდემიის პერიოდში ანტივაქსერულ კამპანიებშიც მონაწილეობდა.