მოძრაობა „სირცხვილია“ აცხადებს, რომ „გამჭვირვალობის კანონთან“ დაკავშირებით რეგისტრაციის გადაწყვეტილებას აუქმებს. ამის შესახებ მოძრაობამ სოციალურ ქსელში დაწერა.
„გვესმის და ვიღებთ საზოგადოების რეაქციას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მოქალაქეებისა და თანამოაზრეების კრიტიკა. ძალიან ვწუხვართ, რომ სათანადოდ ვერ შევაფასეთ ის შედეგები, რაც ჩვენს გადაწყვეტილებას შეიძლებოდა მოჰყოლოდა. მიგვაჩნია, რომ ჩვენი განცხადების დროც, ფორმაცა და შინაარსიც იყო შეცდომა და შესაძლებელი იყო რისკების უკეთ გათვლა და პრევენცია.
ჩვენი გადაწყვეტილება ეფუძნებოდა მიზანს, რომ არჩევნებში მოქალაქეთა მონაწილეობის გასაზრდელად დაგეგმილი კამპანიები ჩაგვეტარებინა, რათა ოქტომბრის არჩევნებზე ხელისუფლების ცვლილებისთვის შეგვეწყო ხელი, თუმცა, გამოხმაურებებზე დაყრდნობით ვიაზრებთ, რომ თანამოაზრეებშიც კი ნიჰილიზმისა და იმედგაცრუების დათესვას შევუწყვეთ ხელი, რაც ცხადია, საერთო მიზანს როგორც მოკლე, ასევე გრძელვადიან პერსპექტივაში აზიანებს.
ჩვენი გადაწყვეტილების ერთ-ერთი საფუძველი იყო ის, რომ ფუნდამენტურად არასწორად მიგვაჩნდა ხელისუფლებისთვის წინასაარჩევნოდ ჯარიმების გადახდა, ახლაც იმავე აზრზე ვართ. ამიტომ, დაჯარიმების შემთხვევაში, “სირცხვილია” არ აპირებს ჯარიმების გადახდას.
გიორგი მჟავანაძე ტოვებს დირექტორის თანამდებობას და მუშაობას ახალი ხელმძღვანელობით ვაგრძელებთ. მადლობა თანამოაზრეებს გულწრფელი კრიტიკისა და რჩევებისთვის“, – წერს მოძრაობა „სირცხვილია“ სოციალურ ქსელში.
ცნობისთვის, მოძრაობა „სირცხვილიამ“ გუშინ გაავრცელა ვიდეორგოლი, სადაც ორგანიზაციის წევრებმა განაცხადეს, რომ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დარეგისტრირდებოდნენ. დღეს ვიდეორგოლი ორგანიზაციის ფეისბუქგვერდზე არ იძებნება.
https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2Fshamemovement%2Fposts%2Fpfbid0TpgMcMMxcxxspwiMakwfhkcwfYd3MtM1KtXMFVBi871KyujiJxSNCoBh9VkKC3iGl&show_text=true&width=500