შვეიცარია რუსეთის მიერ უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ პასპორტებს არ აღიარებს. ამის შესახებ შვეიცარიის ფედერალური საბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
“უკრაინის რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონებიდან ან საქართველოს სეპარატისტული რეგიონებიდან ადამიანები ვეღარ შეძლებენ შენგენის ვიზის აღებას ან შენგენის შიდა საზღვრის კვეთას რუსეთის მიერ გაცემული სამგზავრო დოკუმენტით”, – წერია განცხადებაში.
აღინიშნება, რომ საუბარია ჩვეულებრივ და დიპლომატიურ პასპორტებზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა ბინადრობის ნებართვაზე, მეზღვაურებისთვის დაბრუნების მოწმობებსა და პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებზე.
უკრაინის რეგიონებისთვის საბუთების არაღიარების თარიღების რეგიონზეა დამოკიდებული. საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შემთხვევაში კი თარიღად 2008 წლის 26 აგვისტოა მითითებული – ამ თარიღის შემდეგ გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტებით შენგენის ვიზის აღება შესაძლებელი აღარ იქნება.
“რუსეთმა 2008 წლის აგვისტოში აღიარა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი დამოუკიდებელ ქვეყნებად… შვეიცარია ამ რეგიონებს საქართველოს განუყოფელ ნაწილად განიხილავს,” – წერია განცხადებაში.