დამზადებულია შვეიცარიაში” – ამ იარლიყით უკრაინაში ვერანაირი იარაღი ვერ შევა. 1815 წელს გამოცხადებულ ნეიტრალიტეტს ბერნი კიევისთვის არ დაარღვევს. გერმანულ “გეპარდებზე” არსებული შვეიცარიული ნაწილების გამო, ორ ქვეყანას შორის დავა უკვე ერთი წელია გრძელდება. შეიარაღების რეექსპორტზე ცივი უარი გერმანიამ შვეიცარიისგან გუშინ კიდევ ერთხელ მიიღო.
საუბარია საჰაერო თავდაცვის 35 მილიმეტრიან საზენიტო იარაღზე, სახელწოდებით “ოერლინკონი”, უფრო სწორად, “ორლიკონის” ჭურვებზე, რომელიც შვეიცარიის გარდა ევროპაში არსად იწარმოება და ისინი გერმანულ გეპარდებზე დგება. ნეიტრალურ შვეიცარიას აქვს კანონი, რომელიც ომში მონაწილე მხარეებისთვის, შვეიცარიული საბრძოლო მასალის მიწოდებას კრძალავს. კანონის შემსუბუქებაზე შვეიცარიის მთავრობას რამდენჯერმე მიმართეს, მათ შორის პარლამენტის ორმა კომიტეტმაც, თუმცა კაბინეტი პოზიციის შეცვლას არ აპირებს. შვეიცარიის პრეზიდენტის თქმით, კანონის დარღვევის მოლოდინი არავის უნდა ჰქონდეს.
შვეიცარიული შეიარაღების უკრაინისთვის მიწოდება გერმანიას, ესპანეთს და დანიას სურთ. კანონის გადახედვის და შეიარაღების რეექსპორტზე ვეტოს მოხსნის შესახებ, ყველაზე მტკიცედ შვეიცარიას გერმანიამ მოუწოდა. მათ შორის, ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა. გერმანიამ, რომელსაც შვეიცარიის მსგავსი პრაქტიკა ჰქონდა, მოკავშირეების ზეწოლით საკუთარი პოზიციები რამდენიმე თვის წინ დათმო, როდესაც კიევისთვის ტანკების მიწოდებას დათანხმდა. შვეიცარიის პრეზიდენტთან მოლაპარაკების შემდეგ, გერმანიის კანცლერი იმედგაცრუებული იყო. შოლცი არაკომფორტულ, თუმცა სწორ გადაწყვეტილებებს ელოდა. ბუნდესტაგის საგარეო კომიტეტში თქვეს, რომ “როდესაც რუსეთის დანაშაულებრივ ომში ნეიტრალური ხარ, ეს რუსეთს ირიბად ხელს აძლევს”.
შვეიცარიის ფედერალური საბჭო შარშან თებერვალში, ევროკავშირის სანქციებს მიუერთდა. ეს იყო ყველასთვის მოულოდნელი ნაბიჯი, რადგან ქვეყანამ პრაქტიკულად სასწორზე შეაგდო მისი ნეიტრალიტეტი: გაუყინა პუტინს პირადი აქტივები შვეიცარიაში, სანქციები დაადო სერგეი ლავროვს. დაასანქცირა სეპარატისტულ ტერიტორიებზე იმპორტი, ექსპორტი და ინვესტიციები. ჩაუკეტა საჰაერო სივრცე რუსულ თვითმფრინავებს და შვეიცარიაში შესვლა აუკრძალა პუტინის ოლიგარქებს. გერმანიაში ჩასულმა შვეიცარიის პრეზიდენტმა, ამ ნაბიჯებს კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.
ამ დროისთვის, შვეიცარიაზე საერთაშორისო ზეწოლა მიდის, თუმცა ბერნის დათანხმება ძალიან გაუჭირდებათ. ამის რეალური მექანიზმებიც კი არ არსებობს. თუ თავის დროზე გერმანიის დასათანხმებლად ნატოს როლი და ბერლინში გენერალური მდივნის ჩასვლა გადამწყვეტი იყო, ეს მეთოდი შვეიცარიაზე ვერ გავრცელდება. ნეიტრალური ალპური სახელმწიფო არც ნატოს და არც ევროკავშირის წევრია.