
შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნები არიან, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომელიც, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესა და საქართველოს დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით უზბეკეთის რესპუბლიკაში იმყოფება.
დავით სონღულაშვილის შეფასებით, მნიშვნელოვანია აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი უზბეკეთში.
„ორმხრივი ეკონომიკური კომისიის ფარგლებში დაიწყო უზბეკეთის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტი. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია უზბეკეთში აგროსასურსათო პროდუქციის საექსპორტო პოტენციალი, რაც საკმაოდ დიდი შესაძლებლობაა. მინდა, ხაზი გავუსვა შუა დერეფნის საკითხს. მოგეხსენებათ, შუა დერეფნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი ცენტრალური აზიის ქვეყნები არიან, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ქვეყნებთან ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურება და კიდევ უფრო მეტად ხელშეწყობა, რომ ეს პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული“, – აღნიშნა დავით სონღულაშვილმა.