ლოგისტიკური შესაძლებლობების დივერსიფიკაცია ჩინეთსა და ევროპას შორის ძალიან მნიშვნელოვანია „სარტყლისა და გზის“ ინიციატივისთვის, შუა დერეფანი მნივნელოვანია ჩინეთ-ევროპის ლოგისტიკისთვის, რადგან ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, მხოლოდ ჩრდილოეთის ხაზი, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.
ელჩის განცხადებით, შუა დერეფანი არ არის მხოლოდ ლოგისტიკა.
„ეს ნიშნავს, რომ ტრანსპორტირების უსაფრთხოება ჩინეთსა და ევროკავშირს შორის არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს. ასე რომ, შუა დერეფანი, შესაძლოა, იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. შუა დერეფანი არ არის მხოლოდ ლოგისტიკა, ჩვენ გვსურს, სარგებელი მივიღოთ ტურიზმიდანაც. როგორც ჩინეთში ვამბობთ, თუ გინდათ, გამდიდრეთ, პირველ რიგში, ააშენეთ გზები. ასე რომ, შუა დერეფანი მნიშვნელოვანია საქართველოს სამომავლო კეთილდღეობისთვის“, – განაცხადა ელჩმა.
ამასთან, როგორც საქართველოში ჩინეთის ელჩმა აღნიშნა, კონფერენცია, რომელიც დღეს თბილისში იმართება, ეხება „ერთი სარტყელისა და ერთი გზის“ ინიციატივის მეათე წლისთავს, ჩინეთის მოდერნიზაციას და ახალ შესაძლებლობებს ჩინეთისა და საქართველოს ურთიერთობებში.
„ეს ძალზეც მნიშვნელოვანია, რადგან სულ რაღაც ერთი თვის წინ ჩინეთმა და საქართველომ გამოაქვეყნეს შეთანხმება სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ. ეს ნიშნავს, რომ ორმხრივი ურთიერთობები ახალ ეტაპამდე გაიზარდა. ეს ნიშნავს მეტ ინვესტიციებს, კონტაქტებს, განსაკუთრებით ეს ეხება შუა დერეფანს, „ერთ გზას და ერთ სარტყელს“, რომელიც გაძლიერდა ახალ დონემდე. ჩემი აზრით, ეს მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩინეთისთვის, არამედ საქართველოსთვისაც“, – განაცხადა ჩინეთის ელჩმა.