პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ომის პარტიამ“ რუსთაველის გამზირზე ომის მცირე იმიტაცია მოაწყო.
როგორც მან მთავრობის სხდომაზე განაცხადა, სახელმწიფოს დაზიანების რესურსი რადიკალურმა ძალებმა მთლიანად ამოწურეს.
„ჩვენ მთავრობის წინა სხდომა გვქონდა 2 დეკემბერს. მაშინ იყო დაძაბული სიტუაცია. ეს იყო ძალადობრივი მიტინგების მეოთხე დღის მომდევნო დილა და მაშინ რადიკალურ ოპოზიციას ჯერ კიდევ ჰქონდა ესკალაციის სერიოზული რესურსი. მათ რუსთაველის გამზირზე მოაწყვეს ომის იმიტაცია. ომის პარტიამ მოაწყო ომის მცირე იმიტაცია. რისთვისაც ცდილობდნენ არჩევნებში გამარჯვებას, იმის მცირე მოდელირება ვიხილეთ ჩვენ რუსთაველის გამზირზე. თუმცა თქვენ ნახეთ, რომ შსს-ს დასჭირდა ზუსტად ხუთი დღე იმისთვის, რომ გაენეიტრალებინა ოპოზიციის ძალადობის რესურსი. მინდა კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს ვახტანგ გომელაურს, თითოეულ პოლიციელს. ამ დღეების განმავლობაში, მთლიანობაში შსს-მ იმოქმედა ამერიკულსა და ევროპულზე მაღალი სტანდარტით და სწორედ ასე აღიკვეთა „მაიდნის“ მცდელობა ჩვენს ქვეყანაში ზუსტად 5 დღეში. რა თქმა უნდა, იყო რამდენიმე სამწუხარო ინციდენტი, რაზეც გამოძიება დაწყებულია. გუშინ შს სამინისტრო საერთოდ არ იყო გამოსული პარლამენტის გარშემო პერიმეტრზე. მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი რესურსი განეიტრალებულია, აქაც იყო ძალადობის რიგი შემთხვევები. იყო თავდასხმა პარლამენტის შენობაზე. იყო ცეცხლის გაჩენის მცდელობა, თუმცა არსებითად ძალადობრივი რესურსი არის განეიტრალებული. რეალურად გამოჩნდა, რომ სახელმწიფოს დაზიანების რესურსი რადიკალურმა ძალებმა მთლიანად ამოწურეს. ახლა გრძელდება მიტინგები შინაარსის გარეშე. წარმოდგენილია 4 პარტია, 10-ზე მეტი ყველაზე მდიდარი „ენჯეო“ რუსთაველის გამზირზე, თუმცა ისინი ყველა ერთად 5 ათას ადამიანსაც ვერ უყრიან თავს. პროტესტი რუსთაველის გამზირზე შინაარსისგან არის დაცლილი. რეალურად მოთხოვნებს ვერ აყენებენ. ერთადერთი მოთხოვნა, რაც აქტიურად ჟღერდება, ეს არის მოძალადეების გათავისუფლება. ამ მოთხოვნის დაყენებითაც შესაბამისი ძალები ადასტურებენ იმას, რომ სინამდვილეში ძალადობის უკან იდგნენ ისინი და ისინი არიან ამ ძალადობის მიმართ ლოიალურად განწყობილები“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.