შსს-მ ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

101
spot_img

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტრეფიკინგის ბრალდებით, წარსულში ნასამართლევი 1975 წელს დაბადებული ვ.ა. დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 12-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ადამიანებით ვაჭრობის სქემა შეიმუშავა და აღნიშნული სქემის სისრულეში მოყვანისა და შრომითი ექსპლუატაციის გაწევის მიზნით, მეუღლეს, ფსიქოლოგიური ზეწოლითა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით, ქალაქ ბათუმში მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.

ასევე, გამოძიებით დადგენილია რომ დაკავებულმა, დამატებითი შემოსავლის მიღების მიზნით, შშმ პირი თბილისიდან ქუთაისში, მოტყუებით წაიყვანა, რომელსაც სხვადასხვა ქუჩასა და საავტომობილო გზებზე მოწყალების შეგროვებას აიძულებდა.

დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულს კი, სრულად ისაკუთრებდა.

იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებულები ბრალდებულის მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე უარს იტყოდნენ, მათ ფიზიკურად უსწორდებოდა.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე პრიმა მუხლის მეორე და მესამე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ადამიანით ვაჭრობას გულისხმობს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.