გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ოთარ ქურციკიძის განცხადებით, შიო მღვიმის სამონასტრო კომპლექსთან, სადაც კლდის მასა ჩამოიშალა, გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.
ქურციკიძის განმარტებით, გადაადგილების შეზღუდვები ხევის კალაპოტისკენ დაწესდება, რომელიც, როგორც სასულიერო პირებს, ასევე, ტურისტებს შეეხებათ. მისივე თქმით, უახლოეს საათებში, ჩამოშლილი მიწის მასის გაწმენდითი სამუშაოები დაიწყება.
„ყველაფერი დაკვირვების პროცესშია. რა თქმა უნდა, კვლევა გაგრძელდება. ვაკვირდებით, შესაბამისად, უსაფრთხოების კუთხით ღონისძიებებს ადგილობრივი მერიის წარმომადგენლები უზრუნველყოფენ. დაცლის საშიშროება ამ ეტაპზე ნამდვილად არ არის, უბრალოდ, გარკვეული შეზღუდვა უნდა მოხდეს იმ ტერიტორიაზე, სადაც ხევი ჩამოდის და სწრაფად უნდა დაიწყოს გაწმენდითი სამუშაოები“, – განაცხადა ქურციკიძემ.