შინაური ცხოველების შესახებ კანონპროექტის მთავარი მიზანი შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება იქნება, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განაცხადა.
მისივე თქმით მკაცრად გაკონტროლდება შინაური ცხოველების გამრავლებაც.
„კანონზე საკმაოდ დიდი ხანი იმუშავა გარემოს დაცვის კომიტეტმა, მათ შორის დედაქალაქის მერიასთან და დაინტერესებულ პირებთან ერთად. ეს არის ძალიან კომპლექსური კანონპროექტი, რომლის მთავარი მიზანი იქნება შინაური ცხოველის, ძაღლისა და კატის მიკვლევადობის ერთიანი სისტემის ჩამოყალიბება. ასევე, ვიმუშავეთ სურსათისა და სოფლის მეურნეობის გაეროს ორგანიზაციასთან, „ფაოსთან“, რომელმაც სპეციალურად ამ კანონისთვის, შეიმუშავა პროგრამა, სადაც ეტაპობრივად დაიწყება პატრონიანი ცხოველების რეგისტრაცია, ისევე, როგორც მიუსაფარ ძაღლთა მასშტაბური აღრიცხვა.
კანონპროექტის მთავარი მიზანია ხელი შევუწყოთ ცნობიერების ამაღლებას იმ ძალიან მავნე პრაქტიკაზე, რასაც ძაღლების ქუჩაში გაყრა და შემდგომ გამრავლება ჰქვია. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოში არსებობს სტერილიზაცია-კასტრაციის მასშტაბური პროგრამა, რომელიც უნდა გაძლიერდეს ამ პროექტის თანახმად, ეტაპობრივად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 80 მილიონ ლარზე მეტი უნდა იყოს გამოყოფილი ყველა მუნიციპალიტეტისთვის. ქუჩაში გაგდებული და უკონტროლოდ გამრავლებული ძაღლების რაოდენობა მნიშვნელოვნად ასწრებს სტერილიზაცია-კასტრაციის პროგრამას. შესაბამისად, კანონის მიხედვით, რომლის რეგისტრაციის ვალდებულებაც დასრულდება 2025 წლის პირველ ივლისს, ამ ვადის შემდგომ ყველა ის დაწესებულება, სადაც ძაღლი მოხვდება ცხოვრების ციკლის განმავლობაში, ეს იქნება ვეტ-კლინიკა, საშენი, თავშესაფარი, სასტუმრო და ა.შ. ვალდებული იქნება გადაამოწმოს ძაღლის რეგისტრაცია, რაც გააადვილებს შემდგომ იმ ადამიანის მიკვლევას, რომელმაც ძაღლი ქუჩაში გააგდო. ასევე, ძალიან მკაცრად გაკონტროლდება ძაღლის გამრავლების უფლება. ჩვენ, მეპატრონეები უნდა შევეჩვიოთ, რომ თუ არ ვაპირებთ ლეგალურად ძაღლის გამრავლებას ისე, რომ მოხდეს ლეკვების ან კნუტების რეგისტრაცია, ჩვენ ჩვენს ცხოველს უნდა გავუკეთოთ კასტრაცია-სტერილიზაცია“, – აღნიშნა ბითაძემ.