
პოლიციამ ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 34 პირი დააკავა. აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე ცნობით, დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„ნარკოტიკების უკანონო ბრუნვისა და გავრცელების წინააღმდეგ უკომპრომისო ბრძოლას შინაგან საქმეთა სამინისტრო მთელი ქვეყნის მასშტაბით განაგრძობს. გუშინ სამართალდამცველებმა თბილისსა და რეგიონებში კიდევ ერთი წარმატებული საპოლიციო ღონისძიება ჩაატარეს. ბოლო 24 საათის განმავლობაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულია 34 პირი, რომელთა დიდი ნაწილი მსხვილი ნარკორეალიზატორია, ნაწილს კი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვა ედება ბრალად.
დაკავებულებს შორის არიან როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები. სამართალდამცველებმა ნარკოტიკების უკანონო გასაღების ბრალდებით დაკავებული პირებისგან, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, რამდენჯერმე განახორციელეს ნარკოტიკების საკონტროლო შესყიდვა და აღნიშნული შესყიდვების ფარული აუდიო-ვიდეო ჩაწერა. ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „ფენტანილი“, „ჰეროინი“, „მეტადონი“, „სუბოქსინი“, „მარიხუანა“ და სხვა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია დაკავებულების მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკული საშუალებები, სავარაუდოდ, ნარკოტიკის უკანონო რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა და არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა. გამოძიებით დგინდება, რომ ნარკოდანაშაულისთვის დაკავებული პირები ნარკოტიკების გავრცელებისთვის სხვადასხვა მეთოდს იყენებდნენ, მათ შორის ნარკოტიკული საშუალებების რეალიზაციას ე.წ. ხელიდან ხელში და დადების გასაღების მეთოდით ახდენდნენ. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. აქვე კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნარკოდანაშაულთან უკომპრომისო ბრძოლა შინაგან საქმეთა სამინისტროს უმთავრეს პრიორიტეტად რჩება. შესაბამისად, პოლიცია კვლავაც ინტენსიურად განაგრძობს ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ კანონმდებლობით განსაზღვრული მკაცრი ღონისძიებების გატარებას. ჩვენი უწყება ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შედეგების შესახებ საზოგადოებას ინფორმაციას პერიოდულად კვლავ მიაწვდის“, – განაცხადა ალექსანდრე დარახველიძემ.