საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველები ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით სამძებრო ღონისძიებას განაგრძობენ. ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს.
როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია რვა ცხედარი, ხოლო ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება ერთი პირის მიმართ.
„შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კიდევ ორი ცხედარი იპოვეს. ინტენსიური სამძებრო სამუშაოების შედეგად ნაპოვნია რვა ცხედარი, ხოლო ძებნა-შველის სამუშაოები გრძელდება ერთი პირის მიმართ.
მეხანძრე-მაშველები სტიქიის ეპიცენტრში სამძებრო ღონისძიებას შესაბამისი აღჭურვილობითა და ტექნიკით მთელი ღამის განმავლობაში განაგრძობენ.
სტიქიის ზონაში იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძე.
ადგილზე რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილიც, რომელიც სამაშველო სამუშაოებს ხელმძღვანელობს“, – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ბაღდათის სოფელ ნერგეეთში, სტიქიის ზონაში მაშველების მიერ ამ დროისთვის რვა ცხედარია ნაპოვნი. სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. მაშველებმა ერთ-ერთი სახლის ნანგრევებიდან ერთი ადამიანი ამოიყვანეს, რომელიც კლინიკაშია გადაყვანილი.