შეუძლებელია, დაშვებული იყოს მოქმედებების ისეთი სტანდარტი, რაც 16 ნოემბერს სხდომაზე ვიხილეთ – ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე

8
spot_img

შეუძლებელია, დაშვებული იყოს მოქმედებების ისეთი სტანდარტი, რაც ჩვენ 16 ნოემბერს სხდომაზე ვიხილეთ, – ამის შესახებ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი შარაბიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი განმარტებით, ასეთი სტანდარტებით საარჩევნო ადმინისტრატორების დამოუკიდებლობის შელახვა გამოიწვევს ელვისებურ შედეგებს და ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება.

„როგორც თქვენთვის ცნობილია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაიწყო გამოძიება სხდომაზე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით. ყველა შესაბამისი შეფასება თუ მოქმედება, ახლა უკვე გამოძიების ხელშია და დარწმუნებული ვარ, ისინი საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, საზოგადოებას გააცნობენ მომხდარის შესახებ გამოძიების შედეგებს. სწორედ იმიტომ მოვუწოდებთ ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს რეაგირებისკენ, რომ აქ მხოლოდ საქართველოს მაგალითზე არ არის საუბარი. შეუძლებელია დაშვებული იყოს მოქმედებების ისეთი სტანდარტი, როგორც ჩვენ 16 ნოემბერს სხდომაზე ვიხილეთ. ასეთი სტანდარტებით საარჩევნო ადმინისტრატორების დამოუკიდებლობის შელახვა გამოიწვევს ელვისებურ შედეგებს და ის მთელი მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდება. ამიტომ, ახლა მნიშვნელოვანია, იყოს ისეთი რეაგირება, როგორ უნდა იყოს, რომ საზოგადოებამ ვიცოდეთ, არსებობს თუ არა საარჩევნო ადმინისტრატორების დამოუკიდებლობის უხეში ხელყოფის სტანდარტი და აქედან გამომდინარე, ყველამ გავაკეთოთ დასკვნა. ჩვენთვის ახლა მთავარია მივყვეთ ამ საკითხებს, შევაფასოთ განვლილი არჩევნები, მათ შორის იმ კუთხით, როგორ კამპანიას დაუდო მან სათავე. კარგად იცით, რომ ჩვენ 2020 წელს გვქონდა მსგავსი გამოცდილება. ყველამ კარგად ვნახეთ, რომ საბოლოოდ, დოკუმენტურად არც არაფერი დამტკიცდა. ყველაფერი პირიქით იყო. სწორედ ამიტომ, დარწმუნებული ვარ, მიმდინარე გამოძიება, პროკურატურაში იქნება ეს თუ თანამშრომლობა საერთაშორისო ორგანიზაციებთან იმ თვალსაზრისით, რომ ამ ფაქტებიდან გამომდინარე დადგინდეს სტანდარტი და კიდევ ერთხელ ყველას შევახსენოთ, რას ნიშნავს საარჩევნო ადმინისტრატორის დამოუკიდებლობის მაღალი სტანდარტი, ახლაც ჩვენთვის არის უმნიშვნელოვანესი“, – განაცხადა შარაბიძემ.

მან აღნიშნა, რომ საერთაშორისო პარტნიორები მომხდარი ფაქტის შესახებ ინფორმირებული არიან.

„ყველა განცხადება, სხდომა თუ რელიზი უცხოელ პარტნიორებს ეგზავნებათ და ისინი მომხდართან დაკავშირებით საქმის კურსი არიან“, – განაცხადა შარაბიძემ.

ცნობისთვის, 16 ნოემბერს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა, დავით კირთაძემ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს, გიორგი კალანდარიშვილს შავი საღებავი შეასხა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიმართვის საფუძველზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

ამავე სხდომაზე ცესკომ არჩევნების შემაჯამებელი ოქმი დაამტკიცა.