,,შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა”- Responsible Statecraft

22
spot_img

„რუსიფიკაციის“ ნარატივი, ოქტომბერში საარჩევნო კრიზისის რეალურ საფრთხეს ქმნის, რომელსაც, როგორც ჩანს, ვაშინგტონი და ბრიუსელი წაახალისებენ, ყველასთვის არასახარბიელო შედეგებით – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკული ონლაინ გამოცემა Responsible Statecraft სტატიაში „შეწყვიტეთ საქართველოსთან, როგორც აშშ-ის და დასავლეთის ქმნილებასთან მოპყრობა“.

სტატიის ავტორის განცხადებით, თანამედროვე ქართული პოლიტიკის დასავლური სტანდარტი, პარტია „ქართული ოცნების“ მთავრობას წარმოაჩენს როგორც რუსეთის გავლენის ქვეშ და „დემოკრატიული“ პარტიების წინააღმდეგ მდგომს, თუმცა, სიმართლე გაცილებით რთულია.

„მოსკოვის მიდევნების ნაცვლად, ქართული პოლიტიკა ფაქტობრივად ასახავს იმას, რასაც CIA-ის დირექტორი უილიამ ბერნსი უწოდებს „შუალედურ პოზიციას“, რომელიც არც რუსეთისა და არც დასავლეთის დაქვემდებარებაშია და განსაზღვრულია ოფიციალური შეხედულებით, თუ რა წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.

ეს, თავის მხრივ, ასახავს გლობალიზაციის მოვლენებს, რომლებიც დიდი ხანია, დასავლური კონტროლისგან გამოვიდნენ. საქართველოს საზღვრისკენ მიმავალმა, უზარმაზარ ახალ ხიდს ჩავუარე, რომელსაც ჩინეთი აშენებს. ვაშინგტონის დიდი უკმაყოფილების მიუხედავად, საქართველოს მთავრობამ ასევე გააფორმა კონტრაქტი პეკინთან შავ ზღვაზე ახალი პორტის აშენებასთან დაკავშირებით“, – აღნიშნულია სტატიაში.

ასევე ნათქვამია, რომ აუცილებელია, დასავლელმა პოლიტიკოსებმა ქართული რეალობა გაითავისონ, რადგან თამამად შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ოქტომბრის ბოლოს საქართველო ჩავარდება მძიმე პოლიტიკურ კრიზისში, რომელშიც ღრმად იქნებიან ჩართული აშშ და ევროკავშირი.

„საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 26 ოქტომბერს არის დაგეგმილი და იმ ქართველებში, ვისთანაც ვისაუბრე, საყოველთაო აზრია, რომ თუ ხელისუფლება გაიმარჯვებს, პროდასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ მხარდაჭერილი ოპოზიცია, შედეგების გაყალბების ბრალდებით, მასობრივ საპროტესტო მოძრაობას დაიწყებს, რითაც „ქართული ოცნების“ მთავრობის დამხობას შეეცდება.

ბოლო განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, დასავლური ინსტიტუტების უმეტესობა, ავტომატურად დადგება ოპოზიციის მხარეს. ეს ნარატივი უკვე კარგად მიმდინარეობს ისეთი სტრიქონებით, როგორიცაა „ხელისუფლება ხალხის წინააღმდეგ საქართველოში“ და „კრიზისი, რომელმაც ხელისუფლება დაუპირისპირა თავის ხალხს“. ეს გამონათქვამები გვთავაზობს, საქართველოს, როგორც დიქტატურას, რომელშიც „ხალხს“ არაფერი აქვს სათქმელი, გარდა ქუჩის პროტესტისა.
ფაქტობრივად, „ქართულმა ოცნებამ“ სამი თავისუფალი ეროვნული არჩევნები მოიგო.

ეს, რა თქმა უნდა, არ გამორიცხავს ოქტომბერში გაყალბების შესაძლებლობას. დასავლელ ოფიციალურ პირებს და კომენტატორებს უნდა ახსოვდეთ, რომ ოპოზიცია ასევე ამტკიცებდა, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაყალბდა, თუმცა დასავლელი დამკვირვებლები ადასტურებდნენ, რომ არჩევნები თავისუფალი იყო (ხარვეზები იყო) და რომ “ქართულმა ოცნებამ” ძალიან დიდი უმრავლესობით გაიმარჯვა. დღეს, საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების მიხედვით, „ქართულ ოცნებას“ გაცილებით მეტი მხარდაჭერა აქვს, ვიდრე რომელიმე ცალკეულ ოპოზიციურ პარტიას. თუ მთელი ოპოზიცია გაერთიანდება, მათ შეუძლიათ უმრავლესობის მოპოვება, მაგრამ განხეთქილება ოპოზიციის შიგნით არსებულ სხვადასხვა პარტიებს შორის, ამას ძალიან ართულებს“, – წერს სტატიის ავტორი, ანატოლ ლივენი.

მისი თქმით, დასავლურმა მთავრობებმა და კომენტატორებმა ასევე უნდა გააცნობიერონ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც ისინი საქართველოს შესახებ ინფორმაციის მიღებისას დიდ ნაწილში ეყრდნობიან, უმეტეს შემთხვევაში, მჭიდროდ არიან დაკავშირებული ქართულ ოპოზიციასთან და ასევე უმრავლეს შემთხვევაში დასავლეთის მიერ ფინანსდებიან.

„ჯერ კიდევ 2023 წელს საქართველოს მთავრობა აცხადებდა, რომ აშშ საფუძველს უყრიდა საქართველოში რეჟიმის შეცვლას სერბი აქტივისტების მიერ ქართველების ტრენინგების დაფინანსებით, რომელთა წინა ორგანიზაციამ ხელი შეუწყო პრეზიდენტ სლობოდან მილოშევიჩის მთავრობის დამხობას. მათი ამჟამინდელი ჯგუფი, ბელგრადში დაფუძნებული Canvas, “მომხრეა არაძალადობრივი წინააღმდეგობის გამოყენებას ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიის წინსვლისთვის“.

ცივი ომის დროს აშშ-ის ადმინისტრაციები ხშირად ეხმარებოდნენ დემოკრატიულად არჩეული იმ მთავრობების დამხობას, რომლებიც განსხვავდებოდნენ ვაშინგტონისგან. ამერიკელებმა უნდა ჰკითხონ საკუთარ თავს, ნამდვილად არის თუ არა ეს ის ტრადიცია, რომლის გაგრძელებაც სურთ.

ახალი კანონი, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს ავალდებულებს დარეგისტრირდნენ, როგორც „უცხოური გავლენის აგენტები“ (რამაც მაისში ოპოზიციის დიდი პროტესტი გამოიწვია), ნაწილობრივ ამ საფრთხის საპასუხოდ იქნა შემოღებული და მიზნად ისახავს შეასუსტოს შიდა და გარე ოპოზიციური ძალაუფლების წყარო.
კანონის საპასუხოდ, ევროკავშირმა გაყინა საქართველოს გაწევრიანების პროცესი და შეწყვიტა მისი დახმარების დიდი ნაწილი, ხოლო აშშ-მა დააწესა სანქციები საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებზე. ევროკავშირის ელჩმა თბილისში საჯაროდ განაცხადა, რომ თუ “ქართული ოცნება” ხელახლა აირჩევა, ეს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების იმედებს დაასრულებს.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა პრინციპულად რჩება ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების ერთგული, საქართველოს დასავლეთ საზღვართან, ნატოს წევრი ქვეყანა არ არის პოლონეთი ან საფრანგეთი, არამედ თურქეთი, რომელიც ახორციელებს მტკიცე ნეიტრალიტეტის პოლიტიკას უკრაინის ომის მიმართ, მათ შორისაა რუსეთის წინააღმდეგ დასავლეთის სანქციებში მონაწილეობაზე უარის თქმა.

საქართველოს მთავრობას მიაჩნია, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უახლოეს მომავალში არ დაეხმარება საქართველოს, სეპარატისტულ ეთნიკურ ტერიტორიებთან გაერთიანებაში, რომლებიც მოსკოვის დახმარებით განაცალკევეს 1990-იან წლებში, კრემლს არ სურს საქართველოს წინააღმდეგ ახალი ომის დაწყება. „რაში სჭირდებათ ეს? მათ მიიღეს ყველაფერი, რაც სურდათ,” – მითხრეს მე.

თურქეთის მსგავსად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა რუსეთთან გაზრდილი დაძაბულობის თავიდან აცილების მიზნით, ნაწილობრივ ეკონომიკას ეფუძნება. როგორც ერთმა ქართველმა მეგობარმა სარკასტულად აღნიშნა, „ძალიან ცოტა ქართველს აქვს სიყვარული რუსეთის ან რუსების მიმართ; მაგრამ უამრავ ქართველს სურს მათგან ფულის გამომუშავება“.” – ვკითხულობთ სტატიაში.

ავტორის თქმით, საქართველომ საკმაო სარგებელი მიიღო იმით, რომ მთავრობამ უარი თქვა შეუერთდეს დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ.

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს არ აქვს ფორმალური დიპლომატიური ურთიერთობა რუსეთთან, სატვირთო მანქანები, რომლებიც სპარსეთის ყურიდან და სხვა ადგილებიდან მიემართებიან რუსეთში, რამდენიმე კილომეტრიან რიგში არიან საზღვართან. რუსეთი კვლავ რჩება ქართული სოფლის მეურნეობის პროდუქციის მნიშვნელოვან ბაზრად. საქართველო რუსეთიდან უამრავ ტურისტს იღებს. უკრაინის ომის გამო, საქართველოს მშპ 2022 წელს 11 პროცენტით გაიზარდა, ხოლო 2023 წელს 7,5 პროცენტით.

საქართველოს ხელისუფლების პროპაგანდა ოპოზიციის წინააღმდეგ ძირითადად ფოკუსირებულია პრეტენზიაზე, რომ ის, როგორც აშშ-ის მართული „გლობალური ომის პარტიის“ ნაწილი, საქართველოს რუსეთთან ახალ ომში ჩაითრევს, . ეს გაფრთხილება ბევრ ქართველში ღრმად რეზონირდება, მაგრამ, როგორც ჩანს, ძალიან გადაჭარბებულია.
ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის განცდა, რომლებთანაც მე ვესაუბრე, უმეტესწილად ომის წინააღმდეგია. მაქსიმუმ, საქართველოს ახალმა მთავრობამ შეიძლება წაახალისოს მეტი ქართველი მოხალისე უკრაინაში საბრძოლველად. ბევრად უფრო დამაჯერებელი გაფრთხილებაა ის, რომ ოპოზიციის გამარჯვებისთვის დასავლეთის მხარდაჭერის ფასი იქნება საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ დასავლური ეკონომიკური სანქციების სრულად მიღება, რაც სერიოზულ ზიანს მიაყენებს საქართველოს ეკონომიკას.

თუ საქართველოს პოლიტიკა რუსეთის მიმართ მტკიცედ ეფუძნება პრაგმატიზმს, ისიც მართალია, რომ დასავლეთის მიმართ გარკვეული უნდობლობა წლების განმავლობაში გაიზარდა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობას და რიგითი ქართველების უმეტესობას ნატოში გაწევრიანების მოთხოვნა კვლავ აქვთ, არავინ, ვისთანაც ბოლო ვიზიტისას ვესაუბრე, დარწმუნებული არ არის, რომ თუ ქვეყანაში ომი იქნება, ნატო იბრძოლებს საქართველოსთვის.

ეს სკეპტიციზმი სათავეს იღებს 2008 წლის საქართველო-რუსეთის ომით. ბუშის ადმინისტრაციამ შესთავაზა საქართველოს ნატოს მომავალი წევრობა და აშშ-ს ოფიციალური პირები და პოლიტიკოსები ლაპარაკობდნენ საქართველოზე, როგორც აშშ-ს მოკავშირეზე. თუმცა, ამ შემთხვევაში [2008 წლის ომის დროს], აშშ-ს არაფერი გაუკეთებია საქართველოს დასახმარებლად.
ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულება ბევრად უფრო პოზიტიურია, როგორც წევრობის მოსალოდნელი ეკონომიკური და მიგრაციული სარგებლის, ასევე იმის გამო, რომ „ევროპასთან“ მიკუთვნების იდეა ღრმად არის ფესვგადგმული ქართულ კულტურაში (თუმცა, მკაცრი გეოგრაფიული კლასიფიკაციის მიხედვით საქართველო რეალურად მდებარეობს. აზიაში). მიუხედავად ამისა, ევროკავშირის მიმართ ეჭვები ქართულ ისტებლიშმენტშიც მზარდია.

ეს ნაწილობრივ განპირობებულია სკეპტიციზმით იმის თაობაზე, რეალურად მიიღებენ თუ არა საქართველოს ოდესმე ევროკავშირში. როგორც თბილისში ხშირად მახსენებდნენ, საქართველოს მეზობელი თურქეთი მრავალი ათეული წელია ელოდება მიღებას. რა თქმა უნდა, ეს დიდწილად გამოწვეულია თურქეთისთვის დამახასიათებელი მიზეზებით; მაგრამ საქართველოს შემთხვევაში, ეჭვს აძლიერებს იმის განცდა, რომ საქართველო უკრაინამდე არასოდეს მიიღება ევროკავშირში და რომ უკრაინის სრულფასოვანი გაწევრიანება, ალბათ, შეუძლებელია.

ეს ეჭვები დასავლეთის ვალდებულებასთან დაკავშირებით გაძლიერდა შიდაპოლიტიკური მოვლენების გამო, როგორც ევროპაში, ასევე ამერიკაში, რაც საზოგადოების მზარდ წინააღმდეგობას ასახავს ნატოსა და ევროკავშირის შემდგომ გაფართოებასთან მიმართებით.

ევროკავშირისადმი თავიანთი დამოკიდებულებით, საქართველოს მთავრობის მხარდამჭერები ასევე შეიძლება მოიქცნენ როგორც ევროკავშირში მემარჯვენე პარტიების მხარდამჭერები, გამოხატონ უკმაყოფილება ბრიუსელის დიქტატის მიმართ, მათ შორის გენდერული პოლიტიკის მიმართ, რომელიც უცხოა ქართული ტრადიციებისთვის.

საქართველოს სამთო საკურორტო ქალაქ გუდაურში, რუსეთის საზღვართან ახლოს, დგას საგზაო ნიშანი. მასში სხვა მიმართულებებთან ერთად წერია: ანკარა, 1200 კმ; მოსკოვი 1591 კმ; პეკინი, 5834 კმ; და ვაშინგტონი 9209 კმ. მას შემდეგ, რაც 1990 წელს პირველად ვესტუმრე საქართველოს, ქართველებმა გამოხატეს სინანული, რომ მათი ქვეყანა სამხრეთ კავკასიაში მდებარეობს და არა სამხრეთ ევროპაში. ეს შეიძლება მართლაც სამწუხარო იყოს. ასევე ეს არის ფაქტი.” – წერს Responsible Statecraft.