ხუთი წელია პრეზიდენტს შეწყალების კომისია არ აქვს. ასეთი ფიქრი გონებაში არც მე გამჩენია, არც საუბარი გვქონია – ვიღაც ვიღაცებს ცუდი ზრახვები გაუჩნდა, რის გამოც დილიდანვე ცრუ ინფორმაციის გავრცელება დაიწყეს, – ასეთია ეკა ბესელიას კომენტარი ინფორმაციასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი პატიმართა შეწყალების კომისიის ამოქმედებას და მის ხელმძღვანელად ეკა ბესელიას დანიშნავს გეგმავს.
ბესელია აღნიშნულ ინფორმაციასთან დაკავშირებით პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის დღევანდელ განცხადებასაც გამოეხმაურა და მიმართა, რომ მზად არის “მართლმსაჯულების სახლში“ ტრენინგები მასაც ჩაუტაროს, “რადგან არ იცის, სად არის და რა ინსტიტუციას წარმოადგენს“.
ბესელიას თქმითვე, მთელს ამ ისტორიაში ყველაზე არამზადა ალეკო ელისაშვილია, რომელიც “ქართულმა ოცნებამ“ ბევრჯერ იყიდა“. ბესელია ელისაშვილს მიმართავს, “ფრთხილად იყოს, რადგან პასუხს მოსთხოვს ისე, როგორც ის ამას იმსახურებს“. როგორც ბესელია აცხადებს, “კორუფციაში თავად ელისაშვილი იყო ჩართული და პატიმრების ბედით ვაჭრობდა, როცა ის შეწყალების კომისიის თავმჯდომარე იყო“.
“არ ვიცი, ეს რატომ მოიგონეს და რისთვის დასჭირდათ. ტრიბუნასთან შალვა პაპუაშვილი დადგა და რამდენიმე ძალიან სულელური ფრაზა თქვა. პაპუაშვილმა მედიას მიმართა, რომ “მართლმსაჯულების სახლით“ დააინტერესდეს – გთხოვთ, დაინტერესდით! ეს არის საქველმოქმედო პროექტი, რომელსაც პირადად მეც ვაფინანსებ და აფინანსებს USAID, რომელიც არაჩვეულებრივ საქმეს აკეთებს. ეს არის საჩუქარი პროფესიონალებისთვის, რომელთაც სამართლის სფეროში ვამზადებთ, რათა ქვეყნის სასამართლოში კლანი არ იყოს – იყვნენ წესიერი იურისტები და მოხელეები. ამ პროექტში და არც ერთ სხვა პროექტში არანაირ ანაზღაურებას არ ვიღებ. ლექციებს, ტრენინგებს ქველმოქმედებით ვატარებ. დავდივართ რეგიონებში, ჩართული არიან სახელმწიფო უნივერსიტეტები. ყველაფერი საჯაროა – გთხოვთ, დაინტერესდეთ!
უფასო ტრენინგებს “მართლმსაჯულების სახლში“ შალვა პაპუაშვილსაც გავატარებ – ძალიან მოუხდება, მას ეს ძალიან სჭირდება, რადგან არ იცის სად არის, რომელ ინსტიტუციას წარმოადგენს. ჩემი დაწერილი სამაგიდო წიგნი, რომელიც პარლამენტს დავუტოვე, მოიკითხოს და წაიკითხოს – გამოადგება! თუ არ სცალია, შემდეგ შევუთანხმებ დროს, ტრენინგები როდის ჩავუტარო.
გავიგე, რომ “ქართულ ოცნებას“ ნერვები ეშლება, თუ რატომ ვიცავ პრეზიდენტს და რატომ ვსაუბრობ მართლმსაჯულების პრობლემებზე, კლანს რატომ ვებრძვი, მაგრამ ნახეთ ელისაშვილის როლი – როგორი არამზადაა, რის გამოც პასუხს აუცილებლად მოვთხოვ.
ერთხელ მე მას პროცესი მოვუგე, კომპენსაციაც გადაიხადა. როდესაც გაიყიდა, ფული გადაუხადეს, რომ ჩემი მისამართით შეურაცხმყოფელი განცხადებები გაეკეთებინა. ის იმას ამბობს, რასაც თვითონ აკეთებს – გაბრალებს იმას, რასაც თვითონ კადრულობს! პროცესი მას რამდენიმე წლის წინ მოვუგე და ახლა ამის გამო უფრო მეტად მოვთხოვ პასუხს – მაშინ საჯარო მოხელე ვიყავი და თმენის ვალდებულების კუთხით გარკვეული შეზღუდვები მქონდა. ახლა ეს თმენის ვალდებულება არა მაქვს. ამიტომ ძალიან ფრთხილად იყოს – პასუხს მე მას მოვთხოვ ისე, როგორც ის ამას იმსახურებს – ეყოფა ჩემი გამოცდილება, ისეთ არამზადებს გავცე პასუხი, როგორი ელისაშვილია“, – განაცხადა ეკა ბესელიამ.