“შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს”- შალვა პაპუაშვილი

208
spot_img

ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს, რადგან სტატუსზე გადაწყვეტილება, ამავე დროს, გზავნილია, თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლის მიმართ – ადგილი დაიბრუნოს ევროპულ ოჯახში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დუბლინში ვიზიტისას ჟურნალისტებთან განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენციაში მონაწილეობა მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაღალი დონის შეხვედრებისთვის, არამედ, იმის ასახსნელად, რომ ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს.

„ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეების კონფერენცია ტრადიციულად ორ წელიწადში ერთხელ იმართება. ეს ჩემთვის პირველი შესაძლებლობაა, რომ ასეთი სახის მაღალი დონის ღონისძიებაში მივიღო მონაწილეობა. რა თქმა უნდა, ეს კარგი შესაძლებლობაა კოლეგებს შევხდეთ და ვისაუბროთ, როგორც ორმხრივ ურთიერთობებზე, ასევე, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეებთან, ვისთანაც საუბარი გვექნება ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. ორმხრივი შეხვედრების გარდა, თავად კონფერენციასაც რამდენიმე თემატიკა აქვს – გამოსვლა მექნება უკრაინის საკითხზე, ასევე, დეზინფორმაციის პრობლემაზე, რომელიც თანამედროვე სამყაროს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. ვფიქრობ, რომ ახლა ყველაზე მნიშვნელოვანია პოლიტიკური გზავნილების მიტანა და იმის ახსნა, რომ ის შეცდომა, რომელიც ევროკავშირმა შარშან დაუშვა, აღარ უნდა განმეორდეს, რადგან სტატუსზე გადაწყვეტილება, ამავე დროს, გზავნილია, ერთი მხრივ, ქართველი ხალხის მიმართ, თუ რა დამოკიდებულება აქვს ევროკავშირს ქართველი ხალხის მრავალწლიანი ბრძოლის მიმართ, მათ შორის, ფიზიკურ ბრძოლას იმისთვის, რომ თავისი ადგილი დაიბრუნოს ევროპულ ოჯახში. ეს ასევე გზავნილია რუსეთის მიმართ და მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირი ამ ჯერზე, ამ გადაწყვეტილებას, ამ პასუხისმგებლობით მიუდგეს. შესაბამისად, საქართველოს მიმართ პოზიტიური გადაწყვეტილება მიიღოს. ევროკავშირისთვის თავისი არსით სტატუსი არის პატარა ნაბიჯი, მაგრამ ეს დიდი ნაბიჯია ჩვენთვის. ამიტომ, მნიშვნელოვანია, ეს პასუხისმგებლობა ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა სრულად გაიაზრონ“, – განაცხადა პაპუაშვილმა.