“შეფასდა ყველა რისკი და საფრთხე, რიკოთის მაგისტრალზე გადაადგილება აბსოლუტურად უსაფრთხოა” – ირაკლი ქარსელაძე

72
spot_img

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, სპეციალურ ბრიფინგზე, ოპოზიციის იმ ბრალდებას გამოეხმაურა, რომ თითქოს რიკოთის მაგისტრალზე გადაადგილება საფრთხეს შეიცავს და სამუშაოები საჭირო გეოლოგიური კვლევების გარეშე მიმდინარეობს.

„ნებისმიერი სამუშაო თუ არ შესრულდა პროექტის მიხედვით, საბოლოოდ არ ჩაბარდება და გზაც ვერ გაიხსნება. მხოლოდ პროექტის შესაბამისად შესრულებული სამუშაოების შემდეგ შედის გზა ექსპლუატაციაში. სხვა პირობა არ არსებობს. ამასთან ქართული რეგლამენტი, რომელიც სეისმიკასთან დაკავშირებით არის დამტკიცებული და მუშაობს, აბსულუტურად დაცულია და გათვალისწინებულია სამუშაოების დროს. გარდა ამისა, ამერიკული AAshto და ევროკოდი 7, ევროკოდი 8, იქნა გამოყენებული ხელოვნური ნაგებობების მშენებლობისას. პირადად მე და ჩემი ოჯახი გადავაადგილდებით რიკოთის მაგისტრალზე, გეტყვით, რომ რიკოთი არის აბსოლუტურად უსაფრთხო“,-განაცხადა მინისტრმა.

ირაკლი ქარსელაძემ კონკრეტულად ისაუბრა იმ მონაკვეთზეც, სადაც მეწყრის საშიშროება დროულად დადგინდა და საფრთხე თავიდან იქნა აუცილებული.

„149-ე კმ-ზე, სადაც ძველი გზიდან 200 მეტრში, აღმოვაჩინეთ მეწყერის კერა, წინასწარ რისკი და საფრთხე შეფასდა და მაშინ დავკეტეთ გზა. შესრულდა ყველა საჭირო სამუშაო და ახლა გადაადგილება არის აბსოლუტურად უსაფრთხო. ზოგადად, პროექტი მიმდინარეობს საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სტანდარტით. არ შეიძლება ადამიანების დაშინება ზეპირი, უსაფუძვლო ბრალდებებით. კიდევ ერთხელ გეტყვით, რომ დასრულებული რიკოთი იქნება უსაფრთხო, კომფორტული და ბევრად მაღალი გამტარობის“, – განაცხადა მინისტრმა.

აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.