ავამოქმედეთ ბრძანება, დასაშვებია ის პროდუქტები, რომელიც ჯანსაღი და მისაღებია მოზარდისთვის. რაც ყველაზე მთავარია, სამინისტროს მხრიდან მონიტორინგის გარდა შემოვიტანეთ ახალი კომპონენტი – სასკოლო მონიტორინგი, სადაც შევლენ მასწავლებლები, მშობლები და თავად განახორციელებენ მონიტორინგს სასკოლო ბუფეტებზე, – ამის შესახებ განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა პარლამენტში განაცხადა, როდესაც ისაუბრა სასკოლო კვებაზე.
„როდესაც სასკოლო კვებაზე ვსაუბრობთ, თუ გვინდა პასუხისმგებლობიანად ვისაუბროთ და სიმართლე ვთქვათ, აქ პრობლემა არ არის ფინანსებში, პრობლემა არის საკვების ხელმისაწვდომობაში, ვინაიდან ფიზიკურად არის სკოლები, სადაც ბუფეტი არ არის და სამწუხაროდ, არც სკოლების გარეთ არ არის არანაირი საკვები ობიექტი. თუმცა, ძალიან ბევრი სკოლა გვაქვს, სადაც არის ბუფეტი, მაგრამ სამწუხაროდ, იქაც იყო გარკვეული ხარვეზები ადმინისტრირების, სურსათის უვნებლობის, ჰიგიენის იმ პროდუქტების დაშვებაში, რომელიც, არ მინდა სიტყვა აკრძალულია გამოვიყენო, მაგრამ მოზარდისთვის არასასურველია. მშობელთა კავშირისა და სხვადასხვა ორგანიზაციების აქტიური ჩართულობით, მათი უკუკავშირის სრულად გათვალისწინებით დავამტკიცეთ ახალი ბრძანება, რომელიც ჯანდაცვის სამინისტროსთან, სურსათის უვნებლობასთან და ყველა უწყებასთან არის გავლილი და გათვალისწინებულია მათი რეკომენდაციები. ჩვენ ავამოქმედეთ ეს ბრძანება, ბუნებრივია, გარკვეული გონივრული ვადა დასჭირდება ამ ბრძანების სრულად ამოქმედებას იმისთვის, რომ დაცული იყოს ჰიგიენა. აკრძალულია ის პროდუქტები, რომელიც ჩამოთვლილია ბრძანებაში. დასაშვებია ის პროდუქტები, რომელიც ჯანსაღი და მისაღებია მოზარდისთვის. რაც ყველაზე მთავარია, სამინისტროს მხრიდან მონიტორინგის გარდა შემოვიტანეთ ახალი კომპონენტი – სასკოლო მონიტორინგი, კერძოდ, ამ კუთხით, სადაც შევლენ მასწავლებლები, მშობლები და თავად განახორციელებენ მონიტორინგს სასკოლო ბუფეტებზე. ეს ადმინისტრირებული იქნება თვითონ სკოლის მხრიდან, თუ შესაძლოა გაქირავებულიც იყოს და ბუფეტში სხვა გარე ბენეფიციარი ახორციელებდეს მენეჯმენტს. ამიტომ, ამ კუთხით შემიძლია საზოგადოებას ვუთხრა, იქ, სადაც უკვე ბუფეტები არის სრულად მოწესრიგდება ნებისმიერი ჰიგიენური, სურსათის უვნებლობის, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობისთვის გათვალისწინებული სხვა საკითხები და ამის კონკრეტული მონიტორინგის მექანიზმებიც ინერგება“-განაცხადა ამილახვარმა.