შემოსავლების სამსახური განცხადებას ავრცელებს

207
spot_img

საერთაშორისო სანქციების მე-4 პაკეტის დაწესების დღიდან – ნებისმიერი ტიპის საქონელი, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ მოხვედრილია სანქციების სიაში, საქართველოს მხრიდან ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს, – ამის შესახებ ინფორმაციას შემოსავლების სამსახური ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, საბაჟო რეგულაციებში არანაირი ცვლილება არ განხორციელებულა და როგორც ტრანზიტი, ისე ექსპორტი და რეექსპორტი ხორციელდება საერთაშორისო წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით.

დღეს ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერით, გავრცელდა საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულებასთან დაკავშირებული მორიგი ტყუილი და დეზინფორმაცია – თითქოს საქართველოს მხრიდან შეიცვალა საბაჟო პროცედურები და ქვეყანამ მხოლოდ ახლა დაიწყო დაწესებული საერთაშორისო სანქციების აღსრულება, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში ძვირადღირებული ავტომობილების შეტანას.

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური საზოგადოებისთვის კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ არანაირი ცვლილება საბაჟო რეგულაციებში არ განხორციელებულა და როგორც ტრანზიტი, ისე ექსპორტი და რეექსპორტი ხორციელდება საერთაშორისო წესებისა და რეგულაციების სრული დაცვით და არ არსებობს ამის საპირისპირო დამადასტურებელი არც ერთი ფაქტი.

საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდების მიზნით განვმარტავთ, რომ უკრაინაში რუსეთის ფედერაციის საომარ მოქმედებებთან დაკავშირებით, ევროკავშირმა ამერიკის შეერთებულ შტატებთან და G7-ის წევრ ქვეყნებთან ერთად, ჯერ კიდევ 2022 წლის 15 მარტს მიიღო სანქციების მე-4 პაკეტი, რომლითაც აიკრძალა ფუფუნების საგნების ექსპორტი აღნიშნული ქვეყნებიდან რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში, მათ შორის, ძვირადღირებული მსუბუქი ავტომობილებისა და მოტოციკლების შეტანა.

კერძოდ, აიკრძალა ევროკავშირიდან ავტომობილების პირდაპირ ან ირიბად რუსეთის ფედერაციაში გაყიდვა, გადაცემა, მიწოდება ან ექსპორტი ნებისმიერ იურიდიული თუ ფიზიკური პირისთვის თუ ავტომობილის ღირებულება აღემატება 50 000 ევროს ან მოტოციკლეტის თუ მისი ღირებულება აღემატება 5000 ევროს, აგრეთვე აიკრძალა აშშ-დან მსუბუქი ავტომობილების რუსეთის ფედერაციასა და ბელარუსში მიწოდება, თუ ავტომობილის ღირებულება აღემატება 50 000 აშშ დოლარს ან მოტოციკლეტის თუ მისი ღირებულება აღემატება 5000 აშშ დოლარს.

სანქციების მე-4 პაკეტის დაწესების დღიდან – ნებისმიერი ტიპის საქონელი, მათ შორის, მსუბუქი ავტომობილები/მოტოციკლეტები, რომელიც სანქციების მონაწილე ქვეყნების მიერ მოხვედრილია სანქციების სიაში, საქართველოს მხრიდან ექვემდებარება მკაცრ საბაჟო კონტროლს“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.