“შემატყობინეს, ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“ მიეხმარონ” – პრემიერი

82
spot_img

შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ ბატონ „ქურქუმალ ვაითს“ მიეხმარონ – სამწუხარო და საწყენია, რომ ოპოზიცია კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდა, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ყოველწლიური მოხსენებისას განაცხადა.

მისი თქმით, იტოვებს უფლებას, რომ ოპოზიციის „ზოგიერთ აბსურდულ კითხვასა და შეურაცხყოფას“ არ უპასუხოს.

„შემატყობინეს, რომ ჩვენი ოპოზიცია გაიქცა პარლამენტის დარბაზიდან, რომ ბატონ “ქურქუმალ ვაითს” მიეხმარონ, როგორც იგი თავის თავს უწოდებს. სამწუხარო და საწყენია, რომ დღეს არ გვყავს წარმოდგენილი ოპოზიცია, რომელმაც ბევრი კითხვა დამისვა და კითხვებზე პასუხების მოსასმენად დარბაზში აღარ დაგვხვდა. შესაბამისად, ვიტოვებ უფლებას, რომ მათ აბსურდულ კითხვებს და შეურაცხყოფას არ ვუპასუხო. საზოგადოებისთვის მაინც შეიძლება მოვახდინო მათ რამდენიმე გამონათქვამზე რეაგირება, რათა არ დარჩეს განცდა, რომ რაიმე კითხვას გავურბივართ“, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა პარლამენტში, პრემიერის მოხსენებისა და კითხვების დასმის შემდეგ ბრიფინგი გამართეს, სადაც განაცხადეს, რომ „რუსი პრემიერის მოსმენას არ აპირებენ“. დეპუტატების განცხადებით, წავლენ კასპში, სადაც, მათი თქმით, „რუსული ოცნების“ მხრიდან ორგანიზებულ ბიუროკრატიული ბანდიტებს ჰქონდათ მცდელობა, რომ ჩაშალონ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ლევან ხაბეიშვილის შეხვედრა პენსიონერებთან“.